ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა

8 hours ago 4

ყოფილმა სახალხო დამცველმა და ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივლა.

ლომჯარიას თქმით, საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედისა“ და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ „ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას“, რომლის ფარგლებშიც მას ქართველი ხალხის დასჯისა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნა მიაწერეს.

მისი განცხადებით, სარჩელი მხოლოდ მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას არ ეხება და ასახავს იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალებას.

„ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, ვის დააბრალონ მისი დაკარგვა“, – აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით, არ არსებობს არცერთი ფაქტი, მოწმე ან ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ოდესმე საქართველოს ევროპული მომავლის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ გამოუთქვამს პოზიცია.

ლომჯარია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ოპერაციაა.

განცხადებაში ლომჯარია აღნიშნავს, რომ გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას და მათთვის იმის მიწოდებას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კეთილდღეობას, თავისუფალ გადაადგილებას, ხარისხიან განათლებასა და ევროპულ შესაძლებლობებს.

„ეს ბრძოლა არც ჩემზეა და არც ცალკეულ ადამიანებზე. ეს ბრძოლა იმაზეა, როგორი ქვეყანა დარჩება ჩვენს შვილებს“, – წერს ნინო ლომჯარია.

სრულად წაკითხვა