ნინო წილოსანს სასამართლომ სარჩელი დაუკმაყოფილა - ლევან ღამბაშიძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

14 hours ago 7

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, ფილოსოფოსის, მასწავლებლის ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ.

ნინო წილოსანმა ლევან ღამბაშიძეს სასამართლოში "ცრუ ბრალდებისთვის" უჩივლა, ის გავრცლებული ინფორმაციის უარყოფას და 10 ათას ლარს მოითხოვდა.

საქმე ეხება, თებერვალში ლევან ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც წერდა: „ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონმშენებლისაგან“.

ნინო წილოსანმა მაშინვე საპასუხო პოსტით მოუწოდა დაწერილის უარყოფა, წინააღმდეგ შემთხევავში, "შეხვდებოდნენ სასამართლოში".

29 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე ნინო წილოსანმა დაწერა, რომ "ამით კიდევ ერთხელ განმტკიცდა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება".

"რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები, ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ მისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, – დაწერა წილოსანმა."

წილოსანს ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა ლევან ღამბაშიძემ და აღნიშნა, რომ "ტყუილია რომ სასამართლომ დაადასტურა რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს".

მისი სიტყვებით, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გადაწყტილებას გაასაჩივრებს "ყველგან სადაც საჭიროა"

"იმედი განმიმტკიცდაო დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ უძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი ყოველ დღე.

კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში “იდუჰ ნიბორ”-ი რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.

და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ თქვენივე პროკურატორას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს.

მეტს აღარაფერს ვიტყვი. ხალხი წლობითაა ციხეში გამოკეტილი და ეს შემთხვევა ორი საათითაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას", - დაწერა ლევან ღამბაშიძემ.

რას ედავებოდა ბადრი წილოსანს გამოძიება

65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი, საქმეში ბრალდებულ კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად სააპელაციო სასამართლომაც 2024 წელს გაამართლა.

ბადრი წილოსანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2013 წელს აღიძრა. გამოძიების ვერსიით ვაგონშემკეთებელი ქარხნის დამფუძნებელმა ბადრი წილოსანმა თანამოაზრეებთან ერთად, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი მილიონობით ლარი მიითვისა. რის გამო წილოსანი დააკვეეს.

მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გამოძიებაზე გაყრდნობით წერდა, რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 2023 წელს ბადრი წილოსანი 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გაამართლა. პროკურატირამ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი 2024 წლის 4 სექტემბერს უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი.

საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი ქმარი), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.

სრულად წაკითხვა