ნინო ხარატიშვილი: “ვცდილობ ავხსნა”

11 hours ago 6

მწერალ ნინო ხარატიშვილის ვიზიტები უცხო ქვეყნებში უკვე ორ წელზე მეტია ლიტერატურული აღარ არის და ამის მიზეზი საქართველოში მიმდინარე პროცესებია:

“დავასრულე ბალტიისპირეთის ტური, რომელიც ორ წელზე მეტია უკვე აღარც ერთ ქვეყანაში, სადაც ჩასვლა მიწევს, აღარ არის ლიტერატურული… 2 წელია ვცდილობ ავხსნა, რანაირად მოვედით აქამდე, ვცდილობ, ადამიანებს დავუმტიკიცო, რომ საქართველო ის ხალხია, ვინც უწყვეტ რეჟიმში ქუჩაში დგას, ვისაც იჭერენ, ამცირებენ, ვისზეც ძალადობენ და ისინი მაინც ქუჩაში ბრუნდებიან და არა ჩვენი არალეგიტიმური, მოძალადე და კორუმპრიმებული მმართველი პარტია. მიჭირს, სიტყვებს ვეძებ, მაგრამ ყველა ეჭვით დასმულ კითხვას ვცდილობ მაინც იმედით ვუპასუხო, ჯიუტად ვიმეორებ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში არ/ვერ დავმარცხდებით… და ყოველ ჯერზე, ღონისძიებიდან სასტუმროში დაბრუნებული, უკიდეგანო სასოწარკვეთა მიპყრობს იმიტომ, რომ ვიცი, სანამ მე ამ ღონისძიებაზე ვზივარ: მორიგი მეგობარი იქნება დაჭერილი, მორიგი პატრიოტი ნაცემი, მორიგი დრაკონული კანონი მიღებული, მორიგი დამანგრეველი „რეფორმა“ დამტკიცებული, მორიგი მიწის ნაკვეთი გაყიდული, მორიგი ახალი ბეტონის ჯუნგლის კონტრაქტი გაფორმებული, მორიგი ავადმყოფი სოც. ქსელების იმედად დარჩენილი, მორიგი ბავშვი მომავალწართმეული… და ამ დროს მე ჯიუტად ვიმეორებ, რომ საბოლოოდ მაინც ყველა საქართველოს მოქალაქე გამოვა გარეთ, ყველა დაიწყებს ამ ციხის კედლების ნგრევას, რომელსაც ახლა მტკნარი ღიმილით აშენებინებენ რეჟიმს, თითქოს ვერ ან არ ხვდებიან, რომ თავად არიან პატიმრები…

და მარტო დარჩენილი, ჩემს თავს ვეკითხები: რის საფუძველზე ინარჩუნებ ამ იმედს? რაღა უნდა მოხდეს, რომ   ყ ვ ე ლ ა   მიხვდეს რასთან აქვს საქმე… რაღა უნდა მოხდეს, რომ ეს კოლექტიური ანესთეზია დამთავრდეს?
განსაკუთრებით ამჯერად უკიდეგანოდ გამიჭირდა ამ ოპტიმიზმის შენარჩუნება და „აუცილებლად გავიმარჯვებთ“ ფრაზის გამეორება! იმიტომ, რომ ზუსტად იმ წუთებში, როდესაც ამას ვამბობდი, რეჟიმი უდანაშაულო მოქალაქეების მასიურ დაჭერებს ახორციელებდა.( მათ შორის ჩემი კოლეგისა და გამომცემლის ზვიად კვარაცხელიასი.) ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, სიმწრის, ბრაზის, უსუსურობის ცრემლები მახრჩობდა და ვფიქრობდი, რომ როგორი მტკივნეულია, როდესაც გამოდიხარ შენნაირი პატარა და შენნაირი მტკივნეული წარსულის ქვეყნის მოვლილ, ნალოლიავებ ქუჩებში, რომელიც ევროკავშირის წევრია, რომელსაც ყველა ავტობუსზე უწერია „Vilnius loves Ukraine“ და აცნობიერებ, რომ ამ დროს შენი ქვეყნის მმართველი პარტია მუხლებზე დამდგარი, მონურად აწყლიანებული თვალებით ემუდარება Великая Русь მისი „მშვიდობიანი“ კალთა გადააფაროს საქართველოს…

და მაინც, ყოველთვის, როდესაც მგონია, რომ იმედის ბოლო წვეთი ამომეწურა და საბოლოოდ გამსრისავს ნიჰილიზმი, მახსენდება თვითეული ადამიანი, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში: ზურგით, ხელებით, ხმით, სიცილით, მახსენდება „ცოტაც“ წარწერა მუყაოს ნაგლეჯზე და მაშინვე მოვდივარ გონს! რა უფლება მაქვს, რომ ეს იმედი ამოვიწურო, როდესაც ამდენი ადამიანი საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ინარჩუნებს მას! როდესაც ამდენი გადასარევი ადამიანი ზის უდანაშაულოდ ციხეში! და წამიერად ვხვდები, რომ მეორე დღეს, უკვე ახალ ქალაქსა და ახალ ქვეყანაში ისევ ჯიუტად გავუმეორებ ყველას, რომ კი, აუცილებლად გავიმაჯვებთ!

პ.ს. ვილნიუსიდან დასაბრუნებლად ორი დღე დამჭირდა, რადგან ლიეტუვას ზედიზედ სამი ღამის მანძილზე საჰაერო სივრცის დახურვა მოუწია (ბელო)რუსული უკანონო აეროსტატების და დრონების შემოტევის გამო. და მაინც რა სიმშვიდე სუფევდა, როგორ გეგმიურად მოქმედებდა ყველა, არავითარი განგაში, არავითარი პანიკა და მეც ვიჯექი, ვუყურებდი ამ ხალხს და ვფიქრობდი იმ პერფორმანსზე სახელად „Swimming Through,“ რომელიც ლიეტუველმა ხელოვანებმა ოლიმპიის ოქროს მფლობელ მოცურავე რუტა მეილუტიტესთან ერთად ჩაატარეს ვილნიუსში 2022 წელს, რუსული საელჩოს წინ – უკრაინის მხარდასაჭერად და რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მაშინ, როცა ის ვნახე, რას წარმოვიდგენდი, რომ სულ მალე ჩვენც ამ სისხლიან ტბაში ამოვყოფდით თავს… და მაინც, როგორც ეს მამაცი ქალი და მითუმეტეს უკრაინა, ჩვენც გადავცურავთ მას, we will swimm through…”

სრულად წაკითხვა