მწერალი ნინო ხარატიშვილი გერმანიაში ცხოვრობს, გერმანულ ენაზე წერს, თუმცა ყოველთვის აღნიშნავს, რომ ქართველია.
“ევროპა, ჩვენ შენ გვჭირდები“ – ასე ჰქვია ევროპისადმი თხოვნით მიმართვის წერილს, რომელიც გერმანულ გაზეთში “Frankfurter Allgemeine” გამოქვეყნდა. წერილი გერმანულიდან მაია ფანჯიკიძემ თარგმნა:
„ევროპა, სად იწყები და სად მთავრდები? სად იწყება შენი პრინციპები და სადამდე მიდის შენი საზღვრები? რისი გამცემი ხარ თანამოაზრეთა დასაცავად და როდის ამჯობინებ, შენი შორსმჭვრეტელი მზერა სხვაგან გადაიტანო? სად იმაღლებ ხმას და სად იწყება შენი დუმილი, რომელიც ასე ძვირად უჯდება ამდენ ადამიანს, ისე, რომ ამას ვერც კი ამჩნევ? გარე კიდეები ხომ სწორედ იმიტომ არის გარე და იმიტომ არის კიდე, რომ შენი კეთილშობილი და მშვენივრად ჩამოყალიბებული აზრები დაიცვას, რომ კოშმარებმა აღარ შეგაწუხოს, კოშმარები ხომ უკვე კარგა ხანია, სხვებს მორევია.
რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მფარველი ხელი დაგვაფარო? როდემდე უნდა არწმუნო თავი, მე არ ვაწარმოებ ომებსო და როდის მიხვდები, რომ ომი მხოლოდ სხვაგან გადაიტანე? კიდეზე მაცხოვრებლები, მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, შენს მაგივრად დაიხოცონ: შენი ჰუმანისტური ღირებულებებისთვის, შენი გარემოსდამცავი მოწოდებებისთვის, შენი სოციალური იდეებისთვის, შენი აღმატებული მიზნებისთვის, შენი მოწყალებისა და ბრიუსელში ხელნაკეთი ადამიანურობისთვის.
ევროპა, კიდევ რამდენი ბეჭედი, ხელმოწერა, ხელშეკრულება, გასაჩივრება და დაპირისპირება, ცვლილება, პროექტი, კენჭისყრა გჭირდება, რომ მიიღო დახმარების ლეგიტიმაცია? რამდენმა ქვეყანამ უნდა აკურთხოს შენი კეთილგანწყობა? და რამდენ ხანს გაგრძელდება ლოდინი? კიდევ რამდენ პაკეტს გამოგვიგზავნი დასახმარებლად, რომელიც მხოლოდ კეთილი სიტყვებისა და იმედისაგან შედგება, სანამ შიმშილით არ დავიხოცებით? მხოლოდ იმედი, სამწუხაროდ, კაცს ვერ გამოკვებავს.
ოღონდ, ევროპა, შენი გარე კიდეები ირღვევა და კოშმარი ნელ–ნელა გადმოდის დამცავ გალავანზე. მსოფლიო სულ უფრო მჭიდროდ გაჭდობს ყულფს. რადგან სხვა ქვეყნები შენსავით ზრდილი ვერ არიან. სანამ შენ ვერცხლის დანა–ჩანგლით მიირთმევ და სუფრასთან მოქცევა არ გეშლება, შენი დიდი, გაუმაძღარი მეზობელი უკვე კარგა ხანია, ხარბად იტენის ყველაფერს ხელით პირში, თქვლეფს და ქონი და სისხლი ეღვრება ნიკაპზე, ჭამს, ჭამს და პარადოქსია, მაგრამ შიმშილს ვერ იოკებს, რაც მეტს ჭამს, მით მეტი უნდა. უკვე საუკუნეებია განუკურნებელი სენი შეყრია, ამ სენს უჩინრობის შიში ჰქვია. ალბათ გიკვირს, ევროპა, როგორ შეიძლება ამ მეზობელს, ამ გოლიათს ასეთი შიში ჰქონდესო? როგორ შეიძლება ასეთი აბსურდული ეჭვი ღრღნიდეს?
გთხოვ, დამიჯერე, რადგან ეს მეზობელი უკვე 250 წელია ჩვენთან ცხოვრობს, ჩვენთან ერთად უზის მაგიდას, ჩვენს საჭმელს ჭამს, ჩვენ გვიწვება ლოგინში, გვართმევს, რაც ჩვენ გვეკუთვნის, თავისი თავნებობით ისევ და ისევ გვიყინავს ძარღვებში სისხლს, გვაცლის, დავეტაკოთ, დავეჯახოთ, თავი ვურტყათ, თვალები ამოვკაწროთ, დანა ვატაკოთ, მაგრამ ამ ყველაფერს უბრალო ჩხვლეტად და ნაკაწრად იღებს, გვიყურებს ეს მაზოხისტი გოლიათი და ჩვენი ცქერით ერთობა. თუ არავის ეყვარება, სიძულვილი მაინც მოიმკას, უჩინრად დარჩენას ყველაფერი ჯობია. პოლიტიკურად სწორ, მაგრამ მთვლემარე არსებობას ყველაფერი ჯობია.
ის, რაც შენ კარგ ტონად მიგაჩნია, ევროპა, მას სასაცილოდ არ ჰყოფნის. ყველაფერი, რაც შენ სანატრელი გგონია, მას ეზიზღება. ის შენ დაგცინის, ევროპა, და ამ სარკასტული, გამანადგურებელი სიცილის ფასს ჩვენ ვიხდით, ძვირფასო ევროპა, ჩვენ, ვისაც ბედის უკუღმართობამ გვარგუნა შენს კიდეზე, გოლიათის ფეხქვეშ ცხოვრება. ვიცი, რასაც ვამბობ, წიგნებში ან ახალი ამბებიდან კი არ მისწავლია, მე და უთვალავი ჩემნაირი გამუდმებით ამ კოშმარში ვცხოვრობთ, თითქოს ვინმეს სამარადჟამოდ დავეწყველეთ, წყევლით, რომ არასდროს გვეღირსოს გამოღვიძება.
ეს მეზობელი, ძვირფასო ევროპა, არა მხოლოდ დიდი და გაუმაძღარია, იმდენად დამანგრეველია, რომ მისთვის წმინდა არაფერი არსებობს, ყველგან ყველაზე ადრე ამოყოფს თავს იქ, სადაც მას არავინ ელის. ის იკავებს შენს უმოქმედობებს შორის გაჩენილ ყველა შუალედურ სივრცეს. ყველა ადგილს, რომელსაც შენ თვალს არიდებ. გაზივით არის, ვერც ყნოსვით გრძნობ და ვერც თვალით ხედავ, სანამ დანიშნულების საწინააღმდეგო მიზნით არ გამოიყენებს, მერე კი ერთი მცდარი მოძრაობა, ერთი ნაპერწკალი კმარა, და სასიკვდილო დასასრული გარდაუვალია.
ადრე, კი ბატონო, შეიძლება უფრო უხეში იყო მისი მეთოდები, მისი ხელწერა დაუხვეწავი, მაგრამ მანაც განიცადა მოდერნიზაცია, მანაც ისწავლა რაღაც, რადგან განადგურებას და ზიზღს და მათ მრავალმხრივ გამოვლინებას რაც შეეხება – ვერ აჯობებ. ის ყიდულობს ადამიანებს და მთელ მთავრობებს, სადაც უნდა, იქ სვამს თავის მარიონეტებს, მართავს და იმას აკეთებინებს, რასაც უნდა. გოლიათი ამასობაში გაიწაფა მარიონეტებით თამაშში.
1991 და 1992 წლებში, ის–ის იყო, თეთრი ხელსახოცით მოიწმინდე ტუჩები და გაოცებულმა იკითხე, ნეტავ სად არის მიწის ნაგლეჯები, ეს უცნაური სახელები – „აფხაზეთი“ და „ოსეთი“ რომ ჰქვიაო; მას კი უკვე ღოჯები ჰქონდა იქ ჩასმული და მხოლოდ მაშინ ამოიღო, როცა მთლიანად მოგლიჯა: პირდაღებული ჭრილობები დატოვა, უსასრულო სასაფლაოები, სამშობლოწართმეული ადამიანების ნაკადები, რომლებიც კავკასიონის უღელტეხილებს გადადიოდნენ ახალი სამშობლოს საძიებლად.
1994 წელს ფრჩხილების მოვლით იყავი გართული, ალბათ რომელიღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიგეჩქარებოდა, ხომ ვიცი, ყველას უყვარხარ და ყველა რაღაცას გთხოვს, მესმის, რომ გარეგნობას ყურადღება უნდა მიაქციო და ისიც მესმის, რომ ამდენი მთხოვნელი ალბათ თავსაც გაბეზრებს, შენი განსჯა არ განმიზრახავს, მაგრამ, ჰო, ვფიქრობ, სწორედ მაშინ გაიგე პირველად ჩეჩნეთის შესახებ და თავი გააქნიე. მოიცა, სად მდებარეობს ეს ჩეჩნეთი? განა ძალიან შორს არ არის?
1999 წელს კიდევ ერთხელ მოსწვდა შენს ყურს ჩეჩნეთის სახელი და მომდევნო ათი წლის განმავლობაში იძულებული იყავი დროდადრო გაგეგონა ხოლმე – ეს პატარა ერი ჯიუტი გამოდგა, თითქმის ათ წელს, მეორე ომშიც ედგა მედგრად გოლიათს, სანამ მთლიანად არ გაასწორეს მიწასთან – შენ კი ამასობაში უკვე კარგა ხნის ჩამოყალიბებული გქონდა შეხედულება ამ ბურუსით მოცულ და შესაბამისად დუბიოზურ ქვეყანაზე და ათწლიანი ომი „შიდა დაპირისპირებად“ მონათლე.
როდესაც 2008 წელს საქართველოო, გაიგონე, რა ცუდად დაემთხვა, შუა ზაფხულს, საშვებულებო განწყობას, ეს ქვეყანა რუკაზე საძებნელი აღარ იყო, იძულებული გახდი, შვებულება შეგეწყვიტა, ჩარეულიყავი და ჩვეული ზრდილობითა და კარგი აღზრდით გეშუამავლა – სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც, რისთვისაც მადლობას გიხდით, მადლობას გიხდით, მადლობას გიხდით – მაგრამ მერე თავდამსხმის საკითხში ეჭვი შეგეპარა და გამოთქვი კიდეც ეჭვი, ჩვენით ხომ არ წამოვიწყეთ ომი.
2014 წელს კიდევ ერთხელ დაგირღვიეს სიმშვიდე: ამჯერად ყირიმი იყო, გოლიათს ისევ მოშივდა და ისევ მოგიახლოვდა თავისი დაუცხრომელი შიმშილით, რომ არ გესიამოვნა, მაგრამ განა იოლია გაერკვე ამ სლავების გადახლართულ ისტორიულ ურთიერთობებში, ტერიტორიულ ამბიციებსა და ნაციონალურ ეგოებში, შესაბამისად, აშკარად ელეგანტური და ჭკვიანური იყო, სხვების საქმეში არ ჩარეულიყავი, განსაკუთრებით, არაცივილიზირებული მეზობლებისაში.
(ოღონდ გულის სიღრმეში – რასაკვირველია, ამას არასდროს აღიარებ და გასაგებიცაა – მაინც იფიქრე, ჭკვიანური იქნება, სისხლიან მონსტრს დავუთმოთ მიწის ეს პატარა ნაგლეჯი, იქნებ რამდენიმე ათწლეულით მაინც დამშვიდდესო. მაგრამ სწორედ ეს იყო შენი შეცდომა, რომელსაც საუკუნეებია იმეორებ გოლიათის მიმართ: ეს იმედი მცდარი და ფატალურია. რადგან დაგეშილ მხეცს ვერ დააშოშმინებ, რამდენი ხორციც არ უნდა მიუგდო საჯიჯგნად. რადგან მისთვის ხორცი კი არ არის მთავარი, არამედ მისი წაგლეჯვა.)
2022 წელს უკვე შეუძლებელი გახდა მზერის არიდება, ყურებზე ხელების აფარება. ნეიტრალური პოზიციის დაკავება. ვეღარ იტყოდი, შიდა საკითხიაო. ომი შენს კიდეებს მოადგა, ყულფი შემოგხვია. და საფეთქლებზე მოგიკაკუნა. ეს აღარ იყო მიწის ნაგლეჯი, რომელიც რუკაზე უნდა გეძებნა, ეგზოტიკური ქვეყანა სადღაც შორეულ კავკასიაში, ეს იყო დიდი, ფართო, შენს მოვლილ ღობესთან მოსაზღვრე უკრაინა თავისი უსასრულო ხორბლის მინდვრებით.
თითქმის სამი წელი გავიდა და გოლიათი ისევ მოქმედებს, ვერ გაძღა და ვერ დაშოშმინდა. ნგრევის აპოკალიპტური მშვენიერება ატომურ წრედ იქცა, რომელიც სულ უფრო და უფრო ფართოვდება, მისი საზღვრები კი ისევე ილევა, როგორც არქტიკის აისბერგები. ევროპა, ჩვენ სისხლი გვდის. აღარ შეგვიძლია. ან ისევ ომში ვართ, ან ბარიკადებიდან ვერ ჩამოვსულვართ და უკანასკნელი ძალის მოკრებით ვცდილობთ დავიცვათ ის, რაც შენ გვასწავლე: დემოკრატია, თავისუფლება, ღირსება და თვით სიცოცხლე.
უკრაინაში კაცის კვლა გრძელდება, ჩვენთან, საქართველოში, კი თავიდან იწყება. ამჯერად ჯარი აღარაა საჭირო. ჯარი დიდი ხნის გაწვრთნილია, უჩუმრად, წყნარად, არ გასჭირვებია, ისე გაწვრთნა. ეს არის ჩვენი თორმეტი წლის წინ არჩეული და ოქტომბრის ბოლოს გადარჩეული მთავრობა, რომელიც გადარჩევას არ ემორჩილება და გოლიათის სახელით ცდილობს დაგვადამბლაოს, პირი ამოგვიკეროს, მონობაში დაგვაბრუნოს; ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლით, ხელკეტებით გვაგდებს მიწაზე, წიხლს გვაჭერს, რომ ვეღარ წამოვიმართოთ. ევროპა, ჩვენ შენ გვჭირდები, რომ დავიცვათ შენი კიდეები, ის, რაც ჯერ კიდევ დარჩა, ჩვენ შენ გვჭირდები, რომ ისევ შეგეძლოს წყნარად ძილი, ჩვენ არც ხელსახოცები გვჭირდება და არც ვერცხლის დანა–ჩანგალი, ჩვენ გვჭირდება შურდული, ევროპა, რადგან ჩვენ, ამ დედამიწაზე მყოფ დავითებს, ხანდახან ძალა გვეცლება. ჰოდა, მითხარი, ევროპა, გვითხარი: კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა გავიღოთ, რომ ჩვენს სიყვარულში დაგარწმუნოთ?“