რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო შეთანხმება შედგა — მალიკ ჩაო „მილანის“ რიგებს ტოვებს და კარიერას ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედში“ განაგრძობს. ხელშეკრულების დეტალები თითქმის შეთანხმებულია და უახლოეს საათებში გერმანელი მცველი ბრიტანეთში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო ტესტებს გაივლის და ახალ კლუბთან ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს. ტრანსფერის ღირებულება, ბონუსების ჩათვლით, დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს.
„ნიუკასლი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასაწყისიდანვე ცენტრალური მცველის დამატებას ცდილობდა. რამდენიმე ალტერნატივას შორის ედი ჰაუს განსაკუთრებულად სურდა ჩაოს მოყვანა, რის გამოც მოლაპარაკებები დაჩქარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქს ალეგრი ცდილობდა მისი შენარჩუნებას, „მილანმა“ ფინანსურ წინადადებას ვერ გაუძლო და ტრანსფერი ოფიციალურად დახურა.
ჩაო მილანურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან 85 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
იტალიური გუნდი უკვე მუშაობს მის შემცვლელზე. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად „ფიორენტინას“ მცველი პიეტრო კომუცო სახელდება, თუმცა რამდენიმე სხვა ვარიანტიც განიხილება.