„ნუ დაელოდები მოტივაციას, მთავარია დაიწყო მოქმედება“ – ანი კუკულავა

1 month ago 11

„ჩემი შექმნილი სტრატეგიებით ბიზნესპროფილები 500 %-ით ზრდიან გაყიდვებს“, – ამ თამამი განაცხადის ავტორი სოციალური მედიის მენეჯერი ანი კუკულავაა. გოგონა, რომელიც რეკლამების გაყიდვის კუთხით საკმაოდ პოპულარულია „ინსტაგრამზე“. არადა, ყველაფერი სულ რაღაც 5 წლის წინ დაიწყო… როგორც ამბობს წარმატება, – სწორმა არჩევანმა, დიდი მიზნების დასახვამ და მერე მათ მისაღწევად დაუღალავმა შრომამ მოუტანა.

– ანი, როგორ დაიწყო და რამ განაპირობა თქვენი ჩართულობა სოც. მედია მარკეტინგში? ერთ-ერთ პოსტში წერთ, – ისე ჩავერთე ამ სფეროში წარმოდგენაც არ მქონდა მასზეო.

– დიახ, ნამდვილად ასეა. როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა, რამდენიმე თვე, „ნიკორაში“ კონსულტანტად ვიმუშავე, ხელფასი 250 ლარი მქონდა. რადგან სამსახურს დიდი დრო მიჰქონდა და ბავშვს ყურადღებას ნორმალურად ვერ ვაქცევდი, ისეთი სამსახური უნდა მეპოვა, რომელიც ჩემს გრაფიკს მოერგებოდა. არ ვიცოდი რას და როგორ ვაპირებდი, მაგრამ ერთ დღესაც სამსახურიდან წამოვედი. დაახლოებით ერთ თვეში „ტიკტოკის“ სქროლვის დროს, ინსტაგრამმენტორი მარიამ ქათიბაშვილი აღმოვაჩინე (რომელიც შემდეგ ჩემი პირველი მენტორი გახდა), დავინტერესდი და მის უფასო მარათონში ჩავერთე. აქედან დაიწყო ყველაფერი.

– რითია ეს პროფესია თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი?

– ეს ის პროფესიაა, სადაც მუდმივად ვითარდები და  იმის შესაძლებლობა  გაქვს გამოიმუშავო იმდენი, რამდენიც რეალურად გინდა, კონკრეტულ ხელფასზე არ ხარ დამოკიდებული. შესაბამისად, ჩემთვის ამით არის საინტერესო. სოც ქსელებმა ასევე, ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო და დამამეგობრა.

– ფრაზა „გამოიმუშავო იმდენი, რამდენიც რეალურად გინდა“, – საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერს, ცხადია, ამისთვის მხოლოდ სურვილი არ იქნება საკმარისი. რა უნარ-ჩვევებია საჭირო სოც. მედია მენეჯერის პროფესიის დასაუფლებლად?

– პირველ რიგში, აუცილებელია,  თავიდან თუ არა, ეტაპობრივად მაინც გამოუმუშავდეს ადამიანს დისციპლინა. რაც გვეხმარება სწორი ნაბიჯების გადადგმასა და განვითარებაში. ასევე აუცილებელია გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. საკუთარი შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს… ხშირად მწერენ, – მოტივაცია არ მაქვს და ვერ ვიწყებო… მოტივაციას რომ ველოდოთ, რაღაც აუცილებლად გაგვეპარება, სადღაც ჩამოვრჩებით. ნუ დაელოდებით მოტივაციას, ისე დაიწყეთ და მერე, მოტივაციაც  გაჩნდება.

– რა არის თქვენი ის თვისება, რამაც ამ სფეროში წარმატება მოგიტანათ?

– მაქვს დიდი მიზნები და ამ მიზნამდე მისასვლელად ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ. როდესაც თავიდან სოც. ქსელებში გამოვჩნდი, ყველას უფასოდ ვეხმარებოდი. პრაქტიკის გარდა უდიდეს სითბოს ვიღებდი ამ ადამიანებისგან, რაც ჩემთვის ძალიან მამოტივირებელი იყო. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ იმ მიზნამდე მივდიოდი რაც დავისახე. ჩემთვის არ არსებობდა მიუღწეველი რამ… თუ ფასიან კურსს ვერ ვყიდულობდი, ყველანაირ რესურსს ვეძებდი იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია უფასოდ მეპოვა. უამრავ სტატიას ვკითხულობდი, ვეცნობოდი უფასო ვებინარებს, ვაკონსპექტებდი. დღისით ბავშვს ვუვლიდი, ღამით ამ ყველაფერს ვსწავლობდი. არ არის მარტივი ეს ყველაფერი. ყოველთვის გიწევს რაღაცაზე უარის თქმა. მეც უარს ვამბობდი მეგობრებთან ერთად გართობაზე, ბევრ რამეზე, იმისთვის რომ იქ მივსულიყავი, სადაც ახლა ვარ. ჩემში ყველაზე გამორჩეული თვისება ის არის, რომ არ შემიძლია მარტივად დანებება და არასოდეს არ გავურბივარ სიახლეებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ დასახულ მიზანს მივაღწიო.

– რა ძირითადი გამოწვევები შეგხვდათ საწყის ეტაპზე და როგორ გადალახეთ?

– ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა შიში იყო. ძალიან მეშინოდა იმის, რომ დამკვეთს ვერ ვიპოვიდი, რაღაცას არასწორად გავაკეთებდი და ა.შ. ძირითადად ეს შიშები მქონდა, თუმცა ძალიან მარტივად გადავლახე. ჩემს თავს ვუთხარი, შენ თუ არ დაიწყებ და არ ცდი, უბრალოდ წარმოუდგენელია რომ რაღაც გამოვიდეს-მეთქი. თავიდან ბევრ რამეს შეცდომით ვაკეთებდი. მაგრამ ის შეცდომები რომ არ ყოფილიყო აქამდე ვერც მოვიდოდი. დღეს ინსტაგრამზე ხშირად ვუზიარებ ჩემს გამომწერებს, როგორი იყო ჩემი პროფილი ადრე და ახლა როგორია.

– როგორი იყო პირველი შეკვეთა და შეგრძნება, როდესაც ამ მიმართულებით პირველი ანაზღაურება აიღეთ?

– დღემდე მახსოვს ის ემოციები და არც არასდროს დამავიწყდება. კურსზე რასაც ვსწავლობდი მომენტალურად გადმომქონდა ჩემს ინსტაგრამ გვერდზე. დაახლოებით ოცი დღე იყო კურსის შეძენიდან გასული, როდესაც გოგომ მომწერა, თუ შეიძლება თქვენი ნომერი მომწერეთ გასაუბრება მინდაო. ისეთ ემოციებში ვიყავი ჩემი პულსაციის ხმა ყურებში მესმოდა. დამირეკა. ეს იყო ქართული ბრენდი „ზოდიაქო 12/4“ , ჩემი პირველი დამკვეთი. ანაზღაურება იმ დროისათვის 350 ლარი. რითიც კურსის საფასური დავფარე.  

– მასტერკლასებსაც ატარებთ… რას ასწავლით და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კურსი მაქვს, რეკლამის კურსი და სოციალური მედია მარკეტინგი, სადაც სოციალური მედიის პლატფორმების მართვა ისწავლება. ჩემი სამიზნე აუდიტორიაა: სტუდენტები, რომლებსაც უნდათ მუშაობა ისე რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. ასევე დედები, რომლებსაც სურთ გამოიმუშაონ იმდენი, რამდენიც თავად სურთ. ასევე სტარტაპისა და ბიზნესის კუთხით ადამიანები, რომლებსაც უნდათ სოც. ქსელებში თავიანთი პროდუქტები განავითარონ. ვასწავლი ონლაინ, რადგან ჩემი სტუდენტების 50 % ემიგრაციაშია, ზოგს ბავშვი ჰყავს, ზოგი მუშაობს პარალელურად და მათთვის ყველაზე კომფორტულია, როცა გაკვეთილებს ონლაინ უყურებენ. როდესაც ჩემს კურსს ყიდულობენ, მუდმივი წვდომა აქვთ გაკვეთილებზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიუბრუნდნენ, გაიხსენონ და ა.შ. ბევრი ფიქრობს რომ ამ პროფესიაში ბავშვი დიდი გამოწვევაა, რომლის გამოც რაღაცებს კარგად ვერ სწავლობ. ჩემს შემთხვევაში, მია მოტივაცია იყო. მინდოდა რომ ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონოდა, რაზეც შეიძლებოდა მაშინ უარი მეთქვა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არასდროს არაფერზე უარი აღარ ვუთხრა.

-„ჩემი შექმნილი სტრატეგიებით ბიზნესპროფილები 500 %-ით ზრდიან გაყიდვებს“- საკმაოდ თამამ განაცხადს აკეთებთ ინსტაგრამ გვერდზე.

– ამ სფეროში უკვე ხუთი წელია ვარ და საკმაოდ დიდი პრაქტიკა მაქვს იმისთვის, რომ თითოეულ ბიზნესს ინდივიდუალური სტრატეგიები მოვარგო. ბევრს ჰგონია ერთი კონკრეტული შაბლონური სტრატეგია ყველანაირ ბიზნესს ერგება. წარმოუდგენელია, სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ ნიშას, ერთი და იგივე სტრატეგია მოერგოს.

როდესაც კონკრეტულ პროფილზე მუშაობას ვიწყებ, პირველად მთლიანი პროფილის ანალიზს ვაკეთებ, შემდეგ კონკურენტების ანალიზს, მერე უკვე ვგეგმავ რა შეიძლება გავაკეთო კონკურენტებზე უკეთესად. რა შეიძლება გავაკეთო ისე რომ ჩემს სამიზნე აუდიტორიას მოერგოს ეს კონტენტი, მათთვის საინტერესო და სიახლე იყოს, თქვან ვაუ, რა მაგარია. ამას ვაკეთებ თითოეულ პროფილზე და ინდივიდუალურად ვსახავ სტრატეგიას თითოეული ნიშისთვის. ეს ყველაფერი წინასწარ მაქვს გაწერილი და ყოველი დღე სიურპრიზებით არ არის მოცული. ყოველდღე არ უნდა გიწევდეს იმაზე ფიქრი რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი. მთლიანი სტრატეგია უნდა იყოს ჯაჭვივით გადაბმული და წინასწარ გაწერილი. ვფიქრობ, ეს არის ის, რის გამოც ასე იზრდება ჩემი დამკვეთების გაყიდვები, აქტიურობა და მომხმარებლების რაოდენობა.

– რამდენად დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს სოც მედიას ბიზნესში?

– თუ ბიზნესი არ გვაქვს ონლაინ, მაშინ ჩავთვალოთ რომ საერთოდ არ გვაქვს ბიზნესი. იმდენად განვითარდა ტექნოლოგიები დღესდღეობით ადამიანები ყველაფერს ონლაინ აკეთებენ. გაჯეტების გარეშე ადამიანებს უკვე ცხოვრება არ შეუძლიათ. შესაბამისად ყველა პროდუქტის სამიზნე აუდიტორია არის ონლაინ.

-კარგი მედია მარკეტინგის საშუალებით ყველა ბიზნესს შეუძლია თუ არა გახდეს წარმატებული?

– აბსოლუტურად ყველანაირ ბიზნესს შეუძლია. მთავარია ეს ყველაფერი სწორად გააკეთოს. დაახლოებით ორმოცდაათამდე სხვადასხვა კატეგორიის და სახეობის ნიშასთან მიმუშავია ამ ხნის განმავლობაში და წარუმატებელი არცერთი არ ყოფილა. უცებ დახურული ბიზნესი იმის ბრალია, რომ არ ვიცით სწორი სტრატეგია, არ ვიცით როგორ ვმართოთ პროფილი სწორად, არ ვიცით როგორ უნდა განვავითაროთ კონტენტი, ისე რომ ჩვენს სამიზნე აუდიტორიას მოვერგოთ. არ ვიცით რეკლამის როლი სოც ქსელებში. ეს არის ოთხი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ახლადგახსნილი ბიზნესი დაიხუროს სოც ქსელებში.

– მივცეთ რჩევა ონლაინ ბიზნესის დაწყების მსურველებს, რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც სოციალურ მედიაში იწყებს ბიზნესს ან ახალი დაწყებული აქვს?

– პირველ რიგში უნდა დავიწყოთ აუდიტორიის შესწავლა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი აუდიტორია. როდესაც დამკვეთებს ვუსმამ კითხვას, ალბათ ათიდან მხოლოდ ორმა იცის სამიზნე აუდიტორია. ხშირად ჰაერზე ადგენენ სოციალური მედიის სტრატეგიას და არ ითვალისწინებენ თუ ვისზე მუშაობენ. ამის გამოა რომ შემდეგ გაყიდვები არა აქვთ, არა აქვთ ნდობა მომხმარებლისგან და ასე ეკარგებათ მოტივაცია.

სოც ქსელებში ასევე აუცილებელია მიზნების განსაზღვრა, უნდა ვიცოდეთ რას ვისახავთ მიზნად. ეს შეიძლება იყოს გაყიდვები, ცნობადობის გაზრდა, იმიჯის და სტატუსის გაძლიერება და ა.შ. სწორი მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტია რეკლამა. ადამიანები, როდესაც სოც ქსელებში შემოდიან, რეკლამირების ყველაზე მარტივ მეთოდს ირჩევენ, შემდეგ ხედავენ რომ ამ მარტივ მეთოდს არანაირი შედეგი არა აქვს. თუმცა მასში დიდ ბიუჯეტს დებენ. ამ დროს ცხადია, მოტივაცია უვარდებათ. მაშინ, როდესაც შეგიძლია შენი ბიზნესი ძალიან დიდ მასშტაბებზე გაიყვანო, ბევრ ადამიანს გააცნო და რეალურად მიხვიდე იმ მიზნამდე რაც გაქვს. ამიტომ სანამ სოციალურ მედიაში შემოსვლას გადაწყვეტთ აუცილებელია, ყველაფერი ძალიან კარგათ გქონდეთ შესწავლილი. სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ გამოვა. დაიწყეთ სოციალური მედიის სწორად მართვის შესწავლა, შეისწავლეთ კონკურენტები, მოიძიეთ ინფორმაციები და შემდეგ შემოდით ბაზარზე.

– ბიზნესის დასაწყებად სურვილის გარდა, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი?

– პირველ რიგში მიზნების და ხედვების განსაზღვრა. თავიდანვე უნდა ვიცოდეთ ჩვენი ბიზნესის ძირითადი მიზანი რა არის და როგორ ვხედავთ მის განვითარებას. რაც ძალიან დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ კონკრეტული სტრატეგიები და ისე ვიმოქმედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის კვლევა, ანუ რამდენად სჭირდება აუდიტორიას ის პროდუქტი, რაც მე უნდა გავყიდო. ასევე ბიზნესგეგმის ქონა, რომელიც ყველა ნაბიჯის წინასწარ განსაზღვრაში დაგეხმარებათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინანსური რესურსი, საწყისი ინვესტიცია. რა თქმა უნდა, მინახავს ბიზნესები, რომლებაც ასი ლარით დაიწყეს და დღეს წარმატებულები არიან. უნდა ვიცოდეთ სწორად როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბიუჯეტი. სოც ქსელებში ასევე აუცილებელია ბრენდინგი და მარკეტინგი, რომ სწორად მივაწვდინოთ ხმა ჩვენს აუდიტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ურთიერთობის და მომსახურების საკითხი. მომხმარებლის კმაყოფილება და მისი უკუკავშირი მთავარი ფაქტორია წარმატების მისაღწევად.

– რა არის წარმატება და ვისთან მიდის იგი?

– ყველა ადამიანისთვის წარმატების აღქმა განსხვავებულია. ზოგისთვის ეს არის კარიერული განვითარება, სოციალური სტატუსი, ფინანსური სტაბილურობა, ზოგისთვის ბედნიერების და სიმშვიდის განცდა. ჩემთვის წარმატება კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელია. წარმატებაა, როდესაც სოც მედიას და მარკეტინგს ახსენებენ, პირველი მე რომ ვიყო, ვინც თავში ამოუტივტივდებათ. წარმატება ისეთ ადამიანთან მიდის, ვინც დაბრკოლებებს, სიახლეებს არ უშინდება და შეცდომებზე სწავლობს. ვინც რეალურად იბრძვის საკუთარი თავის განვითარებისთვის. ვინც არ ეძებს მიზეზებს და იწყებს მოქმედებას. ძალიან ბევრი შრომა და რესურსი ჩავდე წარმატებისთვის, თუმცა რაც გავაკეთე ყველაფერი უკან დამიბრუნდა. დამიფასდა ის თავდაუზოგავი შრომა და უძილო ღამეები.

– რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

– ჩემი მთავარი მოტივაცია პირველ რიგში ჩემი ოჯახია, ჩემი შვიდი წლის მია, რომელმაც მასწავლა რომ არ უნდა დავნებდე, რომ პატარა დეტალშიც დიდი ბედნიერება დავინახო, რომელიც ყოველთვის მეუბნება, – დედა რა მაგარი ხარ, რა მაგარია რომ გოგოებს ასწავლი. რაც ძალიან მომწონს მასში მიმღებლობის უნარია, როცა შემოიხედავს და ნახავს არ მცალია, გაგებით ეკიდება.

ასევე ძალიან მამოტივირებს კმაყოფილი მომხმარებლების უკუკაშირები, როდესაც ვხედავ ჩემი ნასწავლი სტრატეგიებით ადამიანები ფინანსურ სტაბილურობას აღწევენ. სტუდენტი მყავდა ხატია, ბანკში მუშაობდა, 150 ლარი ჰქონდა ანაზღაურება, პლიუს ბონუსები. როდესაც ჩემი კურსი დაასრულა მიგზავნის 800 ლარის დარიცხვის სქრინს და მწერს ჯერ ეს მხოლოდ ნახევარიაო. აი, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია.

– დილის შვიდ საათზე ადგომას მივეჩვიეო წერთ. რისთვის არის საჭირო დილით ადრე გაღვიძება და რას აკეთებთ ყოველდღიურად პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის?

– წარმატებული ადამიანების ისტორიებს თუ გადავხედავთ, ძალიან ადრე იწყებდნენ დღეს. როდესაც დილით ადრე ვიღვიძებ, 6- ზე ან 7 -ზე, უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ და მეტად გახსნილია ჩემი გონება. ადრე ადგომა მეხმარება იმაში, რომ მთელი დღის განმავლობაში ვიყო პროდუქტიული.

დილას ვიწყებ მედიტაციით ან მშვიდი მუსიკის მოსმენით, შემდეგ ყოველდღიურ მადლიერების დღიურს ვავსებ, თუ რისთვის ვარ მადლიერი. შემდეგ ვწერ თუ რა გავაკეთე გუშინ იმისათვის, რომ ჩემს მიზნამდე მივსულიყავი. ამის შემდეგ უკვე მუშაობას ვიწყებ. მიას სკოლისთვის ვამზადებ და ა.შ. ერთი პერიოდი ძალიან მიჭირდა, არ არის ადვილი დილით ადრე ადგომა. ამისათვის ჩათი გავაკეთე ტელეგრამზე, სადაც ჩემი ინსტაგრამის გამომწერები მოვიწვიე. დღის ბოლოს ვნახულობდით ვინ რა შეასრულა. ეს ყველაფერი ძალიან მამოტივირებელი იყო, ასე მივეჩვიე დილით ადრე ადგომას. პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის ყოველდღიურად ვუსმენ ლექციებს, პოდკასტებს, ვიგებ ინფორმაციებს, სიახლეებს სოციალურ მედია პლატფორმებზე. ყოველდღიური სწავლა მეხმარება იმაში რომ წარმატებული ვიყო.

– ამბობთ რომ დიდი მიზნები გაქვთ, რა არის თქვენი სამომავლო მიზანი?

– დაახლოებით ხუთ წელში მინდა სრული ფინანსური სტაბილურობა მქონდეს. ჩემი მიზანი, ოცნება, აბსოლუტურად ყველაფერი, არის საკუთარი შრომით აშენებული სახლი. ამ სახლის ფოტო ტელეფონის სქრინზე მიყენია და ყოველდღიურად ვუყურებ რომ სულ მახსოვდეს თუ რას მინდა მივაღწიო მაქსიმუმ ხუთ წელში.

– 10-15 წლის შემდეგ სად ხედავთ თავს?

-ისევ ამ სფეროში. ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი ქართული ბრენდი, კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ხაზი, ვფიქრობ რომ აუცილებლად გამომივა. გარდა ამისა, ვიქნები ძალიან დიდი სააგენტოს თანადამფუძნებელი.

წარმატებას სჭირდება მუშაობა, მუდმივი განვითარება, მზად უნდა ვიყოთ მარცხისთვის, სიახლეებისთვის, თუ ჩვენი მიზანი დიდია ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა.

ავტორი: ნინო გონგაძე

https://shorturl.at/DM5G6

სრულად წაკითხვა