WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

იმდენჯერ შევმცდარვარ ცხოვრებაში ადამიანების ვერ ცნობისა და ჩემი გულუბრყვილობის გამო, იმდენი მორალური თუ მატერიალური ზიანი მიმიღია გადაჭარბებული მზრუნველობითა და გულმოწყალებით, რომ წესით დიდი ხნის წინ უნდა მესწავლა – ნდობამდე ეჭვი მეპარებოდეს.
არ ვისწავლე.
ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი მორალური საზომი სხვისი ქცევის სტანდარტიც მეგონა. არც მიფიქრია, უნდა ვენდო თუ არა – ვენდობოდი. მერე კი, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგებოდა, ტკივილთან ერთად ისღა მრჩებოდა, საკუთარი თავისთვის დამეცინა.
მინანია? ალბათ, კი. თუმცა დღემდე მიმაჩნია, რომ მე სწორად ვიქცეოდი. თუ ასჯერ გაგაწბილეს, ეს არ ნიშნავს, რომ ასმეერთე ადამიანს წინასწარ ეჭვით უნდა შეხედო. ასმეორედაც რომ შევცდე, ახალ ადამიანთან შევცდები და ესეც ჩემი არჩევანი იქნება.
მაგრამ ერთ რამეს ნუღარ მთხოვთ: ნუ მწერთ პირადში და ნუ მეუბნებით სატელეფონო საუბრისას, რომ უკვე ქაქნაჭამ ადამიანებს გამოვესარჩლო, მათზე რამე ვთქვა, მათი საქციელი ავხსნა ან გავამართლო. მე არასოდეს გამიმიფენია ისინი საჯაროდ, არც მომავალში ვაპირებ და ესეც საკმარისია. მათ ყველას ჰქონდათ დრო, თუნდაც მხოლოდ ეთქვათ:
„მე მოვედი.“
„მე შევცდი“ – ამას რომ არავინ იტყოდა, ეს ისედაც ვიცი.
და ეს ტრავმირებული ადამიანის განაცხადი არ არის. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა.
მათაც მიიღეს თავიანთი გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც ზოგმა გამძარცვა, ზოგმა გამქურდა, ზოგმა ზურგში დანა ჩამარტყა, ზოგმა ტყუილ-მართალი ერთმანეთში ზილა და, თავისი ჭკუით, ტალახში მაგორავა, ზოგმა კი… აღარ აქვს მნიშვნელობა.
ჰოდა, თუ მე მიწევს პასუხი ვაგო ჩემი სიალალის, სიკეთისა და გულუბრყვილობის გამო საკუთარ თავთან, მათაც საკუთარი გადასახედიდან მიხედონ საკუთარ თავს.
რაც ასევე გულწრფელია ჩემგან – ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.
დანარჩენი უკვე ჩემი საქმე აღარ არის.