„ოთო გიორგობიანმა გაალამაზა, გააბრჭყვიალა ჩემი ცხოვრება” – ცისანა სეფიაშვილის ქმარს 9 თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა „ერთმანეთის სიყვარული გვაძლევდა ძალას, რომ გვებრძოლა"

4 hours ago 1

„ოთო გიორგობიანმა გაალამაზა, გააბრჭყვიალა ჩემი ცხოვრება" - ცისანა სეფიაშვილის ქმარს 9 თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა„სარკე“, ავთო ჩიტიძე

მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა თავისი დიდი ბედნიერება და სიყვარული 50 წლის ზღვარზე იპოვა. ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ერთი წლის წინ ოთო გიორგობიანის მეუღლე გახდა. ცისანა „სარკესთან” აღნიშნავს, რომ ასეთ სიყვარულს მთელი ცხოვრება ელოდა. ოთხი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია დღევანდელი ცხოვრებით ძალიან ბედნიერია. აკეთებს საყვარელ საქმეს, ტელევიზიაში მუშაობს, არის გადაცემის „რა სურთ ქალებს” წამყვანი. თუ როგორია თავად მისი სურვილები, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ცისანა, მალე ერთი წელი გახდება, რაც ოფიციალურად ხელი მოაწერეთ და ოჯახი შექმენით, როგორი იყო ქორწინების პირველი წელიწადი?

– 4 დეკემბერს გახდება ერთი წელი, რაც ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ. ასე ვიტყოდი, ეს არის ქორწინების 1 წელი და ბედნიერების … წელი (იღიმის) ამ სიყვარულმა ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა. მადლიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ოთო გიორგობიანი, რომ გამოჩნდა, რომელმაც ასე გაალამაზა და გაამარტივა, ასე დაამშვიდა და გააბრჭყვიალა ჩემი ცხოვრება.

– ფაქტია, ეს თვალებშიც გე-ტყობათ, რომ ძალიან ბედნიერი ხართ.

– მადლობა. ნამდვილად, თვალები არასოდეს იტყუებიან. რაღაცნაირად ჩემს ცხოვრებაში საოცარი სიმშვიდეა. ყოველი გათენება სიხარულია, ყოველ წუთს ვგრძნობ მზრუნველობას. ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როდესაც ცხოვრებაში სიმშვიდე გაქვს.

– რა იცვლება, როდესაც სიყვარული გადადის ოფიციალურ ფორმაში, ანუ ოფიციალურ ქორწინებაში?

– ბევრი რამ იცვლება. ჩვენს შემთხვევაში, რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება ჩვენი ურთიერთობა და უფრო ძლიერია სიყვარული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ძალიან რთული 9 თვე გავიარეთ. ჩემმა მეუღლემ ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო, ამ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოდით მის გადასარჩენად, მერე – ფეხის გადასარჩენად. ჩვენი რწმენით, ერთმანეთის გვერდში დგომით, უამრავი ადამიანის დახმარებითა და სიკეთით, შევძელით ამ ურთულესი პერიოდის გავლა. მადლობა ღმერთს, ეს განსაცდელიც გავიარეთ.

– ეს ტრავმა რა მიზეზით მოხდა?

– სრულიად შემთხვევითობის ბრალი იყო და ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც ასეთი განვითარება არ უნდა მოჰყოლოდა. მადლობა ყველას, პირველ რიგში, ექიმებს და მეგობრებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და იბრძოდნენ ბოლომდე. ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ჩვენ გვყავდა ერთმანეთი და ერთმანეთს ვაძლიერებდით. სულ გვქონდა ის შემართება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ.

იცით რა მაოცებს, ამ ურთულეს მომენტში ოთოს მხრიდან ერთი წუთი არ განელებულა მზრუნველობა ჩემ მიმართ. ეს ჩვენმა სიყვარულმა გადაგვატანინა და არც ერთი წუთი არ მიფიქრია, რომ ფარ-ხმალს დავყრიდით. ამ რთულმა პერიოდებმა ბევრი რამ დაგვანახა. კიდევ ერთი პატარა ფილტრი მოხდა ჩვენ გარშემო, ადამიანებში დაგვანახა კარგიც და ცუდიც. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ სირთულეებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა, კიდევ უფრო მეტად გაგვაცნო და უკეთ დაგვანახა ერთმანეთის ფასეულობები. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო ვაფასებთ და გვიყვარს ერთმანეთი და, რაც მთავარია, ერთი მთლიანი გავხდით.

ყველა განსაცდელი და სირთულე კიდევ უფრო აძლიერებდა ჩვენს სიყვარულს და კიდევ უფრო გაგვაძლიერა. იმდენი რამე გამოვიარეთ ამ წლებში ბევრი წყვილი ვერ გაუძლებდა, ჩვენ კი პირიქით ვძლიერდებოდით და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. მადლობა ამ განსაცდელებისათვის!

– დღეს სრულად გამოჯანმრთელებულია თქვენი მეუღლე?

– სირთულეები უკან ჩამოვიტოვეთ, სრულად გამოჯანმრთელებისთვის კი გარკვეული პერიოდი მაინც არის დარჩენილი. უამრავი ადამიანი მედგა გვერდით, მათ შორის ჩვენი მოძღვარი მამა საბა, მამა გიორგი, მამა ათანასე…

– როგორი ადამიანი იპოვა ცისანამ 50 წლის ასაკში, როგორ დაახასიათებდით ოთოს?

– ცისანამ იპოვა თავისი ადამიანი.

– იყო წუთები, როდესაც ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ ფიქრობდით, რომ ასეთი დიდი სიყვარული ცხოვრებაში აღარ შეგხვდებოდათ?

– კი, ნამდვილად იყო. რომ არა ოთო, ნამდვილად არ ვიფიქრებდი ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე და, საერთოდ, იმაზე, ურთიერთობაში შევსულიყავი ადამიანთან. მადლობა იმ სიტუაციებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა, რომ მე რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება , მაგრამ დღეს იმ რთული გზისაც მადლობელი ვარ, რადგან რომ არა ეს გზა, მე ოთო გიორგობიანს ვერ გავიცნობდი.

– რას გულისხმობთ, “ტოიოტა კავკასიაში” 12-წლიანი წარმატებული კარიერა რომ გქონდათ და იქიდან რომ წამოხვედით?

– დიახ, ამას ვგულისხმობ, რაზეც ახლა საუბარი არ მინდა.

– ამბობენ, რომ სიყვარული ყველა ასაკში თავისებური და განსხვავებულია. როგორია ეს სიყვარული ახლა და ამჟამად?

– გულწრფელად გეტყვით, მე ასეთ სიყვარულზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შეიძლება ითქვას, რომ ასეთზე ვერც ვიოცნებებდი… (იცინის).

სამწუხაროდ, ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ ბევრი ტკივილი გადავიტანე. ბევრი გაკიცხვაც მივიღე სოციალურ ქსელებში და სულ ტყუილუბრალოდ. მათ ხომ არ იციან, რა გზა გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა. კარგი ნათქვამია, ერთხელ მაინც უნდა ჩაიცვა ჩემი ფეხსაცმელი და გაიარო, სანამ რამეს იტყვიო.

მეც ვოცნებობდი, თეთრ კაბაში ვყოფილიყავი დედოფალი, ეს ყოფილიყო ერთხელ და ბედნიერად მეცხოვრა ასეთ ქორწინებაში სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. წარსულს ვერ გამოვეკიდებით, მადლიერი ვარ ჩემი წარსულის ჩემი ოთხი შვილისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

– როგორია თქვენი ცხოვრების მეორე მხარე, ოთხი შვილი, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან?

– ძალიან სიანტერესოა ჩემთვის პირადად შვილებთან ურთიერთობა. გიორგი ძალიან დიდი კაცია, ორი შვილის მამაა და მასთან უკვე სულ სხვა ურთიერთობები მაქვს. მიუხედავად ასეთი ასაკობრივი სხვაობებისა (გიორგი 30 წლის ხდება, კატო – 22-ის, ლევანიკო – 20-ის, ნინკა – 11-ის), თითოეულთან ჩემი წილი მეგობრობა მაკავშირებს. სხვანაირად არ შეიძლება, თუ არ მეგობრობ შვილებთან, არ გიდევს ხელი მათი ცხოვრების პულსზე, ვერ შეძლებ, იყო მათი მეგობარი. ჩემს შვილებს ყოველთვის აქვთ ზომიერი თავისუფლება. მადლობა მათ, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით დგანან და მხარს მიჭერენ. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ლამაზ გზას გავდივართ ერთად.

– მაინც როგორ ახერხებთ, რომ იყოთ ყველა თაობის შვილის მეგობარი?

– ეს ნამდვილად არ მიჭირს, ჩემი შვილების მეგობრებთან ვმეგობრობ. ჩემდა საბედნიეროდ, შვილების მეგობრებს ჩემთან ერთად ყოფნა ძალიან უყვართ. მიხარია, რომ ყოველთვის მესმის მათი.

– შვილიშვილებმა რა ნოტები შემატეს თქვენს ცხოვრებას?

– ბოლომდე ვერ აღვიქვამ ამ სტატუსს. ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილები, გულში ჩამიძვრნენ. ძალიან განსხვავებული და ძლიერი გრძნობაა. როდესაც დედა ხარ, თავიდან ბოლომდე შენ ხარ ჩართული შვილების ცხოვრებაში. როდესაც ბებია ხარ, როდესაც რძალია ბავშვის დედა, რაღაცნაირად ცდილობ, არ იყო ისე ჩარეული, რომ მათი პირადი სივრცე დაარღვიო. დავჭირდები, იქ ვარ და ვარ რიგითი სამხედრო მათ სამსახურში.

– მაინც ტიპური ბებია დაგიჭერიათ თქვენს თავში.

– რამდენიმე დღის შემდეგ ჩავიჭირე ჩემი თავი. ზოგადად, არასოდეს ვიძლევი დირექტივებს და ერთხელაც ჩემმა რძალმა ბავშვის ვიდეო ჩამიგდო ოჯახურ “ჩატში”. ამ ვიდეოში ბავშვს პატარა მანქანა ეჭირა ხელში, უცებ ამიტანა შიშმა, რომ ამ პატარა მანქანისთვის საბურავი არ მოეძრო და არ ჩაეყლაპა. მაშინვე დავწერე ეს ჩემი მოსაზრება ჯგუფში. ჩემი მეუღლე მიხვდა, რაღაც “ბებიური გამოსვლები” მქონდა და მიმახვედრა, რომ ასეთი შიშების გამოვლენა არ იყო საჭირო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნამდვილი ბებიის ინსტინქტებმა მძლია.

– რთულია ასეთი დიდი ოჯახის “ხელმძღვანელობა”? ოთხი შვილი, ორი შვილიშვილი, მეუღლე.

– როდესაც შენს სახლში და შენს სულში ცხოვრობს ბედნიერება, რთული არაფერი არის. ამ დროს მეძლევა ძალა, რომ მთები გადავდგა. პირიქით, ასეთ დიდ ოჯახში ყოველდღიურობაც კი ძალიან ლამაზია.

– როდესაც ოჯახზე საუბრობთ, პირველ რიგში, არ უნდა გამოგვრჩეს თქვენი მშობლები – ქალბატონი მანანა და ბატონი ჯემალი. როგორ არიან, მათი როლი როგორია თქვენს დიდ ოჯახში?

– მშობლები ბედნიერები არიან ჩემი ყურებით. მათთვის მთავარია, ვიყო ბედნიერი და, როდესაც უყურებენ ბედნიერ ცისანას, ისინიც ბედნიერები არიან.

– როგორ ახერხებთ, მუდამ იყოთ პოზიტიური, ლაღი, მუდამ ფორმაში, მიუხედავად განსცდელებისა?

– ამის არანაირი მეთოდები არ მაქვს, მიყვარს ადამიანები, მაბედნიერებს ყველას ბედნიერება. შური რა არის, არ ვიცი. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ უხარიათ სხვების ბედნიერება და წარმატებები. ამ ინტერნეტსივრცემ, მით უმეტეს, უფრო მეტი ადამიანი გამოავლინა. ალბათ ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და თუ ადრე სამზარეულოში განიხილავდნენ სხვებს, ახლა ინტერნეტსივრცეში აკეთებენ იმავეს. მინდა, ყველას ბედნიერება ვუსურვო. ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ის ძალა, რომ იყოს ბედნიერი და არ იყოს დაბოღმილი.

მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს გენეტიკასა და სამყაროს იმისთვის, რომ ასეთი დამტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე მქონდა. მადლობა უფალს, რომ ამ სირთულეებმა არ გამაბოროტა!

– თქვენი დიდი სურვილი იყო, რომ გადაცემის წამაყვანი ყოფილიყავით და ესეც აისრულეთ.

– კი, 16 წლიდან მოყოლებული, ტელევიზიაში ვმუშაობდი და, როცა არ ვიყავი ტელევიზიაში, სულ მინდოდა იქ დაბრუნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნებაც ამისრულდა. ტელევიზია არის ის სივრცე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.

– იპოვეთ ამ მარადიულ კითვაზე პასუხი – “რა სურთ ქალებს”?

– ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, ბევრი რამე დაკარგავს აქტუალობას. რეალურად ყველა ქალს თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე აქვს თავისი სურვილები.

– მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რა სურს ცისანას, როგორც ქალს?

– ცისანა ქალს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ძალიან ბედნიერი იყოს და არის კიდეც. დღეს მე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვარ.

სრულად წაკითხვა