2
„დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძის განცხადებით, საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს მიაწვდის. ლევან ცუცქირიძის განცხადებით, საზოგადოებას ადეკვატური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება.
„დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც არიან გატაცებული უკანონოდ. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, თბილისშიც ვეღარ ატევენ და რეგიონებში მიჰყვათ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის ლპობის ფინალურ სტადიაზე. ის ფაქტი, რომ ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, არ დარჩათ არანაირის სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. უამრავი პატიოსანი, პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა საქართველოში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, ცუცქირიძე პოლიციას მიმართავს, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები დაიცვან, „ქართულ ოცნებას“ კი მოუწოდებს, ხელახალი არჩევნები დანიშნოს.
„მინდა, მივმართო პოლიციას – თქვენი პოლიციის ფიცი გულისხმობს იმას, რომ უნდა დაიცვათ კონსტიტუცია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არა რომელიმე ერთი პირი. ნუ მიიღებთ მონაწილეობას არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანების განხორციელებაში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში. ამისთვის არ ხართ პოლიციაში, ხართ იმისთვის, რომ შეასრულოთ კანონი და უზრუნველყოთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვა.
მინდა, ყველას მოვუწოდო დაუმორჩილებლობისკენ. განსაკუთრებით მათ, ვინც საჯარო სექტორში მუშაობენ. არ შეიძლება, ამ რეჟიმს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მინდა მივმართო მათ – ყველაზე კარგი და ალბათ, ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა. მოგიწოდებთ, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.