ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრ გუნბამ განაცხადა.
გადაწყვეტილება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებული სირთულეებით არის განპირობებული, განაცხადა “განათლების მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელმა ინალ გაბლიამ.
„ჩვენ ვთავაზობთ დამატებით არდადეგებს, ვაცნობოთ მასწავლებლებს, სკოლებისა და კოლეჯების დირექტორებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააკონტროლონ სასწავლო პროცესი და ბავშვებმა იმეცადინონ სახლებში“, - აღნიშნა გაბლიამ.
გარდა ამისა, კრიპტოვალუტის მაინინგთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, აფხაზ აბონენტებს ინტერნეტს გაუთიშავენ 00.00-დან 07.00 საათამდე. ენერგეტიკის სექტორში საგანგებო რეჟიმის შემოღების საკითხს კი ხვალ განიხილავენ.
“ჯანდაცვის მინისტრის” მოვალეობის შემსრულებლის ედუარ ბუთბას განცხადებით მსხვილ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული გენერატორები გამართულ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მათი რესურსი შეზღუდულია. მისი თქმით, რეზერვების მეტი მოცულობაა აუცილებელი საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებებისთვის.
დე ფაქტო მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განაცხადებით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ დონეზე რჩება. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ სოხუმისთვის რუსული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საშუალება არ მოიძებნა.
“ჩვენ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დამატებითი შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს”, - თქვა ბგანბამ.
“ფინანსთა მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ დელბა ამბობს, რომ „(საჯარო მოსამსახურეებისთვის) ხელფასების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ უარყოფის შემდეგ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსება.