“ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთმა ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო” – “საქართველოსთვის” კამბოლოვის დანიშვნაზე

2 hours ago 3

პარტია “საქართველოსთვის” ეხმაურება ოკუპირებული ცხინვანის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად მარატ კამბოლოვის დანიშვნას. პარტია კამბოლოვს “რუს ჩინოსანს” უწოდებს, მის დე ფაქტო პრემიერად დანიშვნას კი “რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ საქართველოს სუვერენიტეტის შემლახავ მორიგ ნაბიჯს”

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. „სამთავრობო ცვლილებები“ და მოსკოვიდან მართული, რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მოქმედი ჩინოსნის პირდაპირი გადმონიშვნა მარიონეტული რეჟიმის საკვანძო პოზიციებზე, არ არის უბრალო საკადრო როტაცია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო. ეს არის მოსკო

ვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. “სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულების” პრაქტიკული აღსრულება.

ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის დეოკუპაცია და რუსული ანექსიის შეჩერება რჩება უზენაეს ეროვნულ პრიორიტეტად. ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე ამ უმძიმესი პროცესის ნორმალიზებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას!” – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარედ დღეს, 16 ივნისს დაამტკიცეს. მან არაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავარ გამოწვევად დემოგრაფია დაასახელა.

„ოცდაათი წლის წინ რესპუბლიკაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობა 50 ათასს აღემატება, თუმცა რეალურად, როგორც ვიცით, ნაკლებია. ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთმა თითქმის ნახევარი მოსახლეობა დაკარგა. ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ადამიანების გარეშე ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს, ბავშვების გარეშე სკოლები საჭირო არ არის, ხოლო მოსახლეობის გარეშე სოფლები ქრება“, – განაცხადა მან.

ეკონომიკურ მიმართულებებზე საუბრისას მან პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ციფრული ეკონომიკისა და IT-სექტორის მხარდაჭერა დაასახელა. შეეხო სატრანსპორტო ხელმისაწვდომობისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მუშაობის გაუმჯობესების საკითხებსაც. კამბოლოვმა ასევე აღნიშნა უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეთა „სიმამაცე“ და თქვა, რომ დღეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის წლებში, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები და რუსეთის მოქალაქეები „მხარდამხარ იცავენ უსაფრთხოებასა და მშვიდ მომავალს“.

სრულად წაკითხვა