სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ დაიწყეს პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმის შესწავლა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 22 ოქტომბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა „ვივამედში“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 19 ოქტომბერს მე-8 დაწესებულებაში მყოფმა ფეიქრიშვილმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე.
„ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს“, – წერია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ოქტომბერს:
- დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულის თაობაზე მიმართა საგამოძიებო უწყებას;
- პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მიმართა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს;
- დავით ფეიქრიშვილის საკანში განთავსებისა და მასთან ერთად მედიაში დასახელებული სხვა პატიმრების განთავსების დეტალებთან დაკავშირებით, ასევე ვიდეო მეთვალყურეობისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ მიმართა N8 პენიტენციურ დაწესებულებას;
- დავით ფეიქრიშვილის განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს.
დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 20 ოქტომბერს გადაიყვანეს და მას ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით“, – წერია განცხადებაში.
დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ გადაყვანილი იყო 19 ოქტომბერსაც, თუმცა ის მალევე დააბრუნეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.
თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
netgazeti