განცხადებით ირკვევა, რომ 19 ოქტომბერს აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ციხეში უარი თქვა დავით ფეიქრიშვილმა, რომელიც საბოლოოდ დღეს, ანუ 22 ოქტომბერს კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხეულზე დაზიანებების შესახებ ომბუდსმენის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმის შესწავლის ფარგლებში, მათ, გარდა იმისა, რომ პროკურატურას მიმართეს გამოძიების მოთხოვნით:
- პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს სთხოვეს დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
- # 8 პენიტენციურ დაწესებულებას, ანუ იმ ციხის ადმინისტრაციას, სადაც ფეიქრიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მოსთხოვეს მისი "განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია".
- ასევე, იმ პატიმრების შესახებ ციხის შენობაში გადაღებული კადრები, ვისაც ფეიქრიშვილი მასზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილედ ასახელებს.
- ციხის ადმინისტრაციას მოსთხოვეს ფეიქრიშვილის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
მიიღო თუ არა ამ ინფორმაციიდან რაიმე სახალხო დამცველმა, ეს განცხადებაში არ წერია. ამ ტექსტში ხაზგასმულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურად გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.
ცნობები იმის შესახებ, რომ გლდანის ციხეში მყოფ დავით ფეიქრიშვილი სასტიკად სცემეს რამდენიმე დღით ადრე დაკავებულმა ვატო ყოფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და რამდენიმე სხვა ადამიანმა, 19 ოქტომბერს გავრცელდა.
ვატო ყიფიანის ადვოკატის თქმით, ის კატეგორიულად უარყოფს ფეიქრიშვილის ცემის ფაქტს.
ციხეში ფიზიკური ანგარიშსწორების ინცინდენტს უარყოფს პენიტენციური სამსახურიც.
ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
ფეიქრიშვილი, რომელიც კლინიკა "ვივამედში" ორჯერ, ჯერ 19 ოქტომბერს, მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით შეიყვანეს და შემდეგ უკვე 20 ოქტომბერს, ხელზე მიყენებული ჭრილობით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ძალადობის საქმეზე.
"ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ" - თქვა 21 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად.
radiotavisupleba ახალი ამბები