სახალხო დამცველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღარიბაშვილის ციხეში ყოფნის პირობებს გაეცნო, მათ შორის დაინტერესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
იოსელიანმა ღარიბაშვილთან და ციხის ადმინისტრაციასთან განიხილა „გაუქმებული პაემნის“ საკითხიც.
ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ 26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ექს-პრემიერის გრძელვადიანი პაემანი ოჯახთან და მას „უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს“, თუმცა პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ პაემანი არც ყოფილა დაგეგმილი და, შესაბამისად, არც გაუქმებულა.
„რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში“
ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „პაემანი იყო წამახალისებელი ხასიათის და ბატონი ირაკლის განცხადებით, ეს პაემანი გაუქმდა“.
იოსელიანის თქმით, ციხის ადმინისტრაციას „არ აქვს რაიმე ტიპის განწყობა, რომელიც გულისხმობდეს ბატონი ირაკლის მიმართ იმ პოლიტიკის ცვლილებას, რაც აქამდე ჰქონდათ“.
„პერიოდულად ის იღებდა წამახალისებელი პაემნების შესაძლებლობას და ეს ამბავი, რაც მოხდა, მათი განცხადებით, დაკავშირებულია რაღაც ინფრასტრუქტურულ საკითხთან. რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა, მათი განცხადებით, ამ პაემნის ჩანიშვნა. თუმცა, სამომავლოდ რაიმე ტიპის უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს პაემნის შესაძლებლობა, ციხის ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია“, - უთხრა იოსელიანმა ტვ „პირველს“.
სახალხო დამცველის განცხადებითვე, მას ღარიბაშვილთან მის მიერ გამოქვეყნებული წერილების შინაარსი არ განუხილავს.
ამასთან, ღარიბაშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე „განსაკუთრებული პრეტენზია“ არ გამოუთქვამს. იოსელიანის თქმით, ღარიბაშვილი ციხის დირექტორს „ნამდვილად ემადლიერება“ და ამბობს, რომ „ეს ადამიანი მის მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი“.
პენიტენციური სამსახურის პასუხი
უწყება ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „წამახალისებელი პაემანი“ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
„ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა“, - აღნიშნავს პენიტენციური სამსახური.
უწყებაში გაიმეორეს 31 აგვისტოს გაკეთებული განმარტება, რომლის მიხედვითაც „მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ორი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული“:
„რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“.
radiotavisupleba ახალი ამბები