ომის 1576-ე დღეს უკრაინამ მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა დრონებით [ფოტო/ვიდეო]

13 hours ago 4

გამთენიისას მოსკოვზე ომის დაწყების დღიდან უკრაინული დრონების ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა. ამის შესახებ იუწყება დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “მედუზა”.

რუსეთის დედაქალაქს თითქმის 200-მა დრონმა შეუტია, კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კი ამ შეტევის შედეგად კვლავ ხანძარი გაჩნდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რამდენიმე დრონმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე „მიღწევა შეძლო“ და ამჟამად თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ტელეგრამ-არხები აქვეყნებენ თავდასხმის შემდგომ გაჩენილი ხანძრისა და ქალაქის თავზე ასული სქელი, შავი კვამლის კადრებს. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს საცავის ავზი, რომელსაც სახურავი აქვს მოგლეჯილი.

ხანძარი მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, 2026 წლის 18 ივნისი. კადრი სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ვიდეოდან / Reuters / Scanpix / LETA

კაპოტნიის ქარხანა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის სამიზნე ორი დღით ადრე, 16 ივნისის ღამესაც გახდა, მანამდე კი — მაისის შუა რიცხვებში. ამ თავდასხმების შემდეგ, Reuters-ის წყაროების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 18 ივნისის თავდასხმის შედეგად, დრონის ნამსხვრევები ასევე ჩამოვარდა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე. სობიანინის განცხადებით, „დაფიქსირდა ერთ-ერთი შენობის უმნიშვნელო დაზიანება.“

კოტელნიკის რაიონში, ვოლგოგრადის პროსპექტსა და ნოვორიჟსკოეს გზატკეცილზე მოძრაობა გადაიკეტა. სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვთან მიახლოებისას ჯამში 180 დრონი ჩამოაგდეს და საჰაერო თავდაცვის მუშაობა გრძელდება. გამოცემა The Agency იტყობინება, რომ ეს არის დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. TASS-ის ცნობით კი, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმაა.

ღამის თავდასხმის დროს მოსკოვის ოთხივე აეროპორტი — შერემეტიევო, დომოდედოვო, ვნუკოვო და ჟუკოვსკი — დაიხურა. შერემეტიევომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტის სამსახურებმა მგზავრების უსაფრთხო ადგილებში (მათ შორის, თვითმფრინავებიდან) ევაკუაცია მოახდინეს. შეზღუდვები ასევე დაწესდა ცენტრალური რუსეთის აეროპორტებში, მათ შორის ყაზანში, სადაც წინა დღით ვლადიმერ პუტინი ჩავიდა.

მოსკოვის ოლქში, ქალაქ ჟუკოვსკიში, დრონი გაგარინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, — აცხადებს ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი. დაზიანდა სათადარიგო კიბე 23-ე და 24-ე სართულებს შორის და ორი აივნის ფილა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.

რუსული წყაროების ცნობით, ელექტროსტალთან ახლოს, სოფელ სტეპანოვოში, კერძო სახლზე დრონის ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაშავდა ქალი, რომელმაც მხრის არეში მსუბუქი ჭრილობა მიიღო.

ლიუბერციში დრონის ნამსხვრევები რამდენიმე ადგილას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ფიტნეს-ცენტრი და სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი დაზიანდა. დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა კოტელნიკიში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბელაია დაჩას“ სახურავს, რამაც ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის შედეგად ზიანი ასევე მიადგა ჩეხოვის რაიონის სოფლებს — მასნოვო-ჟუკოვოსა და კრიუკოვოს, ასევე პავლოვსკი-პოსადს, სადაც ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ორ სააგარაკე სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინულმა დრონებმა ასევე მიიტანეს იერიში როსტოვის ოლქზე, რის შედეგადაც ქალაქ გუკოვოში ერთი ადამიანი დაიღუპა, — იტყობინება გუბერნატორი იური სლიუსარი. საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ორი დაშავებული — გუკოვოს რკინიგზის სადგურის სატვირთო ტერმინალის თანამშრომლები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სითბომავალი და ცეცხლი გაუჩნდა ორ კომერციულ შენობას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში 555 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

სრულად წაკითხვა