მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის დაწყებამდე ფეხბურთის მთავარი თემა მოედანზე განვითარებული მოვლენები კი არა, სავარაუდო პოლიტიკური გავლენა გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს, პირადად სთხოვა აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის, დისკვალიფიკაციის გადახედვა. რამდენიმე საათში FIFA-მ მართლაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელმაც ევროპაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
რა მოხდა?
25 წლის ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში ბრაზილიელმა მსაჯმა რაფაელ კლაუსმა (Raphael Claus) წითელი ბარათით გააძევა მოედნიდან – მან გადაწყვეტილება VAR-ის გადამოწმების შემდეგ მიიღო. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ის ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრას გამოტოვებდა.
თუმცა ორშაბათს FIFA-მ მოულოდნელად განაცხადა, რომ დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეცვალა – ფეხბურთელს 12-თვიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდა, რის შედეგადაც ბალოგუნი ბელგიასთან მატჩში თამაშის უფლებას ინარჩუნებს.
ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, პრაქტიკულად, უპრეცედენტოა.
ტრამპმა დაადასტურა თავისი ჩარევა
მანამდე ამერიკული მედია, მათ შორის CBS News, წერდა, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპისა და ჯანი ინფანტინოს სატელეფონო საუბარი.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდებულა, თუმცა მოგვიანებით თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თავად განაცხადა, რომ FIFA-ს სასჯელის გადახედვა სთხოვა.
მისი თქმით, ეპიზოდში წესების უხეში დარღვევა საერთოდ არ ყოფილა.
„ორი შესანიშნავი სპორტსმენი ერთმანეთს შეეჯახა და უბრალოდ ერთმანეთში აიხლართნენ. ვფიქრობ, დისკვალიფიკაცია ტურნირს დიდ ლაქად დააჩნდებოდა. FIFA-ს ვერ ვუკარნახებ, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა FIFA-ს „საშინელი უსამართლობის გამოსწორებისთვის“.
ბელგია: „თუ ეს გადაწყვეტილება ზარის შედეგია, სპორტის საფუძვლები დაირღვა“
ბელგიაში FIFA-ის გადაწყვეტილებამ შოკი გამოიწვია.
ბელგიის ფეხბურთის სამეფო ასოციაციამ განაცხადა, რომ მომხდარით „შეძრწუნებულია“.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ კიდევ უფრო მკაცრი შეფასება გააკეთა:
„თუ ამ გაუგებარი გადაწყვეტილების მიზეზი მართლაც სატელეფონო ზარი გახდა, ეს ფეხბურთისა და სპორტის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა იქნება“.
UEFA: „წითელი ხაზი გადაიკვეთა“
ყველაზე მწვავე რეაქცია UEFA-მ გამოხატა.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ FIFA-ს გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო, გაუგებარი და ყოვლად გაუმართლებელი“ უწოდა.
UEFA ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წითელი ბარათის შემდეგ ერთმატჩიანი ავტომატური დისკვალიფიკაცია რეგლამენტის ფუნდამენტური ნაწილია და მისი შეცვლა ჩემპიონატის მსვლელობისას მთელი ტურნირის სანდოობას აზიანებს.
ორგანიზაციის განცხადებით, „როდესაც წესების დაცვას აღარ უზრუნველყოფენ ისინი, ვისაც ეს ევალება, საფრთხის ქვეშ დგება თამაშის მთლიანობა და ირყევა ნდობა მთელი ტურნირის მიმართ“.
UEFA ასევე აფრთხილებს მათ, რომ ეს გადაწყვეტილება სახიფათო პრეცედენტს ქმნის – მომავალში ანალოგიური შემთხვევებიც იმავე პრინციპით უნდა შეფასდეს.
ბლატერი: „ფეხბურთი პოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს“
FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ფეხბურთი არასოდეს უნდა იქცეს პოლიტიკური ძალაუფლების ასპარეზად“.
მსგავსი პოზიცია გამოხატა ევროკომისარმა სპორტის საკითხებში გლენ მიკალეფმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სპორტულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სპორტული ინსტიტუტები უნდა იღებდნენ და არა პოლიტიკოსები.
რას ამბობს FIFA
FIFA განმარტავს, რომ დისციპლინური კოდექსის 27-ე მუხლი ორგანიზაციას აძლევს უფლებას, დისციპლინური სანქციის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე შეიცვალა ბალოგუნის რეალური დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით.
თუმცა ორგანიზაციას არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა ამ ნორმის გამოყენება სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ და პირველად ტურნირების ისტორიაში.
ამასთან, FIFA-ს კომენტარი არ გაუკეთებია ინფორმაციაზე, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპისა და ჯანი ინფანტინოს სატელეფონო საუბარი. ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და FIFA-ს ხელმძღვანელს წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
რატომ არის ეს საქმე ასეთი მნიშვნელოვანი?
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში წითელი ბარათის შემდეგ ავტომატური დისკვალიფიკაციის გაუქმება, პრაქტიკულად, არ მომხდარა. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ 1962 წლის მუნდიალზე დაფიქსირდა, როდესაც ბრაზილიელი გარინჩა დასჯას გადაურჩა – ეპიზოდი, რომელზეც მაშინაც გაჩნდა ეჭვი, რომ პოლიტიკური ჩარევის შედეგი იყო.
ბალოგუნის საქმემ მსოფლიო ფეხბურთში მწვავე დისკუსია გამოიწვია. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ FIFA-ს გადაწყვეტილებამ სახიფათო პრეცედენტი შექმნა, ხოლო მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციამ კონკრეტულ ეპიზოდში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ერთ კითხვაზე კი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს – რა გახდა დისკვალიფიკაციის გაუქმების რეალური მიზეზი.
ჯერჯერობით FIFA ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა, თუმცა აშკარაა, რომ ბალოგუნის საქმე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და სადავო ეპიზოდად უკვე იქცა.
აშშ-ისა და ბელგიის მერვედფინალური შეხვედრა 6 ივლისს სიეტლში, „ლუმენ ფილდზე“ (Lumen Field) გაიმართება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება (საქართველოს დროით 7 ივლისს, 04:00 საათზე). გამარჯვებული მეოთხედფინალში ესპანეთი-პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ნუცა ყაველაშვილი
ასეთი რაღაცებიც ხდება: „პაოკის“ შეიარაღებული პრეზიდენტი საფეხბურთო მოედანზე შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა (ვიდეო)

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·