ცხრა პარტიისგან შემდგარმა „ოპოზიციის ალიანსმა“ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი „მოთხოვნა“ დაასახელა.
15 მაისს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, პარტია „ახალის“ წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაა და ამ მიზნის მისაღწევად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ „სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე საუბრის დაწყებამდე“ აუცილებელია „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა“ და „რეპრესიული კანონების გაუქმება“.
ალიანსის წარმომადგენლებმა შემდეგ ექვსი მოთხოვნა დაასახელეს:
პირველი, „საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლების არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, უბრალოდ ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე ვიღებთ ამ მაჩვენებელს“.
მეორე, „ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა“ და ქვეყნის გარეთ საერჩევნო უბნები ემიგრანტების რაოდენობის „ადეკვატურად“ უნდა გაიხსნას.
მესამე, „სანდო კომისიასთან ერთად მნიშვნელოვანია სანდო ტექნოლოგიები. ამისთვის, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები“.
მეოთხე, „მნიშვნელოვანია, აუდიტის, შესწავლა-შემოწმების ნაწილში მოვიწვიოთ ისეთი სანდო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს, როგორც აპარატებს, ისე კენჭისყრის დღის პროცესს“.
მეხუთე, „გაიხსნას სიები და შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება“.
მეექვსე, „საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომლებიც შერჩეული იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე“.
ბრიფინგის შემდეგ, სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ალიანსის მოთხოვნებზე კითხვა დაუსვა, რაზეც მან უპასუხა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.
„ამის პირობას ვაძლევთ ყველას – დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა მან.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·