დღეს, 3 ნოემბერს პარტია “ჯერ საქართველო” და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრა-კონფერენციაზე ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისა და ამ საქმის სავარაუდო შედეგების ფონზე, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების პერსპექტივები განიხლეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი.
"ჩემი მხრიდან, სხვა მონაწილეთა მხრიდან ყურადღება იყო გადატანილი არსით არჩევნებზე და არა სახელით არჩევნებზე", - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
მას მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებასაც" უნდა ჰქონდეს "მოწადინება და პასუხისმგებლობა, რომ პროცესი განვითარდეს ნორმალური გზით".
"განორმალურება საარჩევნო გარემოსი, განორმალურება პოლიტიკური პროცესი საქართველოში, ეს იყო ჩვენი კიდევ ერთი მოწოდება, რომ მმართველი ძალა ამაზე დაფიქრდეს და გადადგას შემხვედრი ნაბიჯები საამისოდ" , - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენლის ნიკა გვარამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის "მთავარი აქცენტების მეშვეობით" საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მიეწოდებინათ ინფორმაცია.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პირობებში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნების და დაახლოების შანსი ნულამდე მცირდება.
"რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები.
შანსი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და უფრო მეტიც, ძალიან არ დაშორდეს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნულოვანი. სარჩელის პირობებშიც კი ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ „პოლიტიკური ალიანსის“ წევრები, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, დასავლელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ცვლიან.
"ახლაც პარტიების აკრძალვის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ინფორმაციები გვაცვალეთ. ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა ამ პროცესის სამართლებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო მხარეები. ერთადერთი რამ, რაც ამ შეხვედრას სხვა შეხვედრებისგან განასხვავებდა ის არის, რომ „ჯერ საქართველო“ იყო პარტნიორი პარტია, რომელიც ამ საქმეში დაგვემატა. ძირითადად კითხვები მოვისმინეთ პარტნიორებისგან და არა პოზიციები, კითხვები შეეხებოდა თუ როგორ ვაპირებთ გაგრძელებას ან რა მოხდება პარტიების აკრძალვის მეორე დღეს და ა.შ. ივანიშვილი სურვილებს ვერ აკრძალავს და ჩვენ ამ სურვილებზე ლაპარაკს ვერ აგვიკრძალავს. ჩვენ პოლიტიკურ ველზე გვაქვს ბრძოლა მოსაგები", - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მან მედიის შეკითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკური ალიანსის“ ლოგოდან ამოღებას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან ექვსი თვის წინ გავიდა და დღეს ლოგოდან მხოლოდ იმიტომ ამოიღეს, რომ შეხვედრა ჰქონდათ.
„ქართველი ხალხისთვის ზუსტად იმიტომ ვართ უკეთესი ალტერნატივა, რომ ჩვენ წესებს ვიცავთ და წესებზე დაფუძნებული ალიანსი ვართ. ჩვენთან წესებს იცავს ყველა, დიდიც და პატარაც, წარსულში წარჩინებულიც და მომავალში წასარჩინებელი, ეს გამოგვარჩევს ჩვენ ყველა დანარჩენი ალიანსისგან. ნებისმიერი ფიგურა და სუბიექტი, რომელიც წესებს არ ემორჩილება, არაფერ შუაში არაა „პოლიტიკურ ალიანსთან“, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ „პოლიტიკური ალიანსიდან“ ექვსი თვის წინ გავიდა და დღეს იმიტომ ამოვიღეთ ლოგოდან, რომ დღეს შეხვედრა გვქონდა", -თქვა ჩერგოლეიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ამ პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.
radiotavisupleba ახალი ამბები