პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასამართლოს სხდომათა დარბაზში „ფსიქიკური და მორალური წამების“ შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
„დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ არის დაწყებული“, - ამბობენ უწყებაში.
მსჯავრდებული ექსპრემიერის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ „პროკურატურა არ ცდილობს სიმართლის დადგენას“. სამომავლო სამართლებრივ გეგმებზე ის ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ „ფსიქიკურ წამებაზე“ ისაუბრა - სხდომას მედია მხოლოდ რამდენიმე წუთი ესწრებოდა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სხდომა სრულად დახურა. ეს ნიშნავს, რომ საქმის განხილვას მხოლოდ მხარეები დაესწრებიან.
რაში გამოიხატა წამება?
რადიო თავისუფლების კითხვაზე, როდესაც ექსპრემიერი წამებაზე საუბრობს, იგულისხმება თუ არა ამაში მის ნათესავებზე, ბიზნესის მფლობელ ადამიანებზე, მის მეგობრებზე, რაიმე სახის ზეწოლაც – ადვოკატმა თქვა:
„ის განცხადება, რაც მან დღეს გააკეთა, იყო კონცენტრირებული [ბრალის აღიარების] შეთავაზების ფაქტზე; ახსნა, საიდან წარმოიშვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე და რა პოლიტიკური მანიპულაციები უძღოდა მას წინ. ამ კონტექსტში ისაუბრა. მომავალში შეიძლება, თქვენ რასაც ბრძანებთ, იმ კონტექსტშიც ისაუბროს, მაგრამ მე არ ვიცი“.
ჟურნალისტების რეპლიკასა და კითხვაზე: „ვიცით, რომ მის მამასთან, ტარიელ ღარიბაშვილთან ჩხრეკა ჩატარდა. ამაზე რაიმე ინფორმაცია გაქვთ“? – უპასუხა: „ამაზე ვერ მოგახსენებთ“.
„მამის დაკავებით რომ ემუქრებოდნენ?“ – ჰკითხა მას ტვ პირველმა. „ამასთან დაკავშირებით ვკითხავ მას და თუ მექნება ინფორმაცია, მოგახსენებთ“, – თქვა ადვოკატმა ბარათაშვილმა.
ღარიბაშვილი მეორე წერილში წერდა, რომ „შეთავაზებას“ თან ახლდა „ამორალური შანტაჟი და ზეწოლა“ და „უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით“.
ღარიბაშვილი პატიმრობაშია
- ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაფორმდა.
- საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ. სწორედ ამას აღიქვამს ის ზეწოლად.
- 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
- 27 აგვისტოს მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.
radiotavisupleba ახალი ამბები