აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი ამ წლის ბოლოს შეწყვეტს ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის დაფინანსებას.
არ არის ამ ეტაპზე ცხადი, თუ რომელ დაფინანსებას გულისხმობდა ტრამპი ან ზუსტად როგორ შეწყდებოდა დაფინანსება წლის ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ისრაელისთვის ყოველწლიურად 3,8 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, ვადა 2028 წლამდე არ გადის.
Fox News-ის გადაცემა „Fox & Friends“-ში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელს დაფინანსება აღარ სჭირდება და რომ ზოგიერთი დემოკრატი და მემარცხენე პოლიტიკოსი ისრაელისადმი აშშ-ის ფინანსურ მხარდაჭერას რესპუბლიკელების გასაკრიტიკებელ თემად იყენებდა.
„ახლა, რაც შეეხება ისრაელისთვის გადახდას, ბიბი ნეთანიაჰუმ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ისრაელს წელიწადში 4 მილიარდ დოლარს ვაძლევთ, და თვეების წინ შევთანხმდით, რომ ამას ვწყვეტთ“, - განაცხადა ტრამპმა. „ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ამ წლის ბოლოსთვის ისრაელს აღარ გადავუხდით. ახლა ჩვენ დავეხმარებით ისრაელს, თუ მათ ეს დასჭირდებათ“, თქვა მან.
არც თეთრ სახლს და არც ნეთანიაჰუს ოფისს Reuters-ის კომენტარის მოთხოვნებზე პასუხი არ გაუციათ.
აშშ-ის საზოგადოებრივი, განსაკუთრებით დემოკრატებს შორის, მხარდაჭერა ისრაელისადმი შემცირდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს ღაზას ომი დაიწყო. კვინიპიაკის უნივერსიტეტის ივნისის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 48% და დემოკრატების 66% მიიჩნევს, რომ აშშ გადაჭაობებულად უჭერს მხარს ისრაელს. ეს მონაცემი 2017 წლის შემდეგ, როცა შეკითხვა პირველად დაისვა, გაზრდილია შესაბამისად, 16%-იდან და 20%-იდან.
დემოკრატ ამომრჩევლებში ისრაელის მხარდაჭერა მკვეთრად დაეცა, ისრაელისადმი კრიტიკულად განწყობილი კანდიდატები იმარჯვებენ დემოკრატიულ პირველად არჩევნებში (პრაიმერიზში) და ზომიერი კანონმდებლებიც კი სულ უფრო მეტად არიან მზად, ეჭვქვეშ დააყენონ აშშ-ის მრავალწლიანი მხარდაჭერა ისრაელისადმი.
აბდულ ელ-საიედი, რომელიც გახდება პირველი მუსლიმი აშშ-ის სენატორი, თუ ის მიჩიგანში სამშაბათს გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს, ეწინააღმდეგებოდა ისრაელისთვის უპირობო სამხედრო დახმარებას და აცხადებდა, რომ აშშ-ის დაფინანსებამ პრიორიტეტი აშშ-ის მოქალაქეებს უნდა მიანიჭოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მემარცხენეებმა აშშ-ის დაფინანსება „უსამართლობის სიგნალად“ გამოიყენეს და რომ მას არ შეეძლო ამის დაშვება. მან სპეციალურად ახსენა ელ-საიედი იმის განმარტებისას, თუ რატომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი თანხების გაცემას წყვეტდა.
„იმიტომ, რომ მათ (ისრაელს) ეს არ სჭირდებათ, და რატომ უნდა ავიტანოთ თავდასხმები ელ-საიედის ნაირი გადარეულებისგან, როდესაც მათ ეს არ სჭირდებათ? ეს ცუდი, ეს ცუდი სადისკუსიო თემაა“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის მოძრაობის „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“ (Make America Great Again) ზოგიერთი წევრიც სულ უფრო კრიტიკულად განეწყო ისრაელისადმი და მას ადანაშაულებს ტრამპის შეცდომაში შეყვანაში, რომელიც 2024 წელს საზღვარგარეთ სამხედრო ინტერვენციების თავიდან აცილების დაპირებით აწარმოებდა კამპანიას - თითქოს ომში ირანის დამარცხება იოლად იქმნებოდა შესაძლებელი.
კონგრესმა 2020 წელს მიიღო კანონი, რითაც ისრაელისთვის დაფინანსების ავტორიზაცია შედგა, თუმცა სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ ყოველწლიურად მაინც უნდა მიიღონ ასიგნებების კანონპროექტები თანხების გასანაწილებლად და გასაცემად.
radiotavisupleba ახალი ამბები