WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთში, დაღესტნის სამ ქალაქში, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ გაყიდვიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

რუსული მედიის ცნობით, შემოწმება ჩატარდა მაჰაჩყალის ერთ-ერთ რესტორანში, კასპიისკის სუპერმარკეტსა და ყიზილიურტში მდებარე სავაჭრო ქსელ „ფიქს პრაისის“ მაღაზიაში. გამოვლინდა 80-მდე ერთეული პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც რუსეთში აკრძალულია.

პროდუქცია ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით გაანადგურეს. მეწარმეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები აღიძრა.

რუსეთმა შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია 2026 წლის 9 ოქტომბრიდან დროებით აკრძალა. შეზღუდვა შეეხო „თელიანი ველის“, „თბილღვინოსა“ და „ვაინმენის“ ღვინოს, „ასკანელი ძმების“ ღვინოსა და კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლასა“ და მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.

რუსეთის სანიტარული სამსახური გადაწყვეტილებას პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობით ხსნის.

27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ შეზღუდვა კიდევ ორ ქართულ ღვინის კომპანიას - „ვინივერიასა“ და „შატო მუხრანს“ - შეეხება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

12 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის გადაწყვეტილებას „გასაკვირი“ და „გაურკვეველი“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება საკითხში გაერკვეოდა.

„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინოს თუ სასმლის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების ოფიციალური საფუძველი საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობი იყო. მოგვიანებით მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ საკითხში ერკვევა და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას „ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ნაწილი“ უწოდა. BMG-სთან ინტერვიუში ჭყონიამ განმარტა, რომ მისი კომპანია რუსეთში „კოკა-კოლას“ ექსპორტს არ ახორციელებს და არც არასდროს განუხორციელებია.

საქსტატის მონაცემები

19 ოქტომბერს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა 2024-2026 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) რუსეთში სასმელების უმსხვილესი ექსპორტიორების სიები.

მათ შორის არიან კომპანიები, რომელთა პროდუქციის რუსეთში შეტანაც ოქტომბერში დროებით აიკრძალა: ღვინის ექსპორტიორთა ათეულში – „ასკანელი ძმები“, ლუდის შვიდ ექსპორტიორს შორის – „ქართული ლუდის კომპანია“ („ზედაზენი“), ხოლო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიორთა ათეულში – „წყალი მარგებელი“ („ნაბეღლავი“).

მოწოდებულ სიებში არ არის „კოკა-კოლას“ მწარმოებელი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა 560,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1%-ით მეტია.