საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეორე დღეა, განიხილება ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი - ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობებს აყენებდნენ, მოსამართლეთა კოლეგია კი მათ უარს, პირველი დღის მსგავსად, უარს ეუბნებოდა.
„გვაინტერესებს ომის დაწყებაზე სახელმწიფოს პოზიცია“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, დააყენა რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთა მთავარი არსია, დადგინდეს, ემთხვევა თუ არა მთავრობის პოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაინტერესებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია და [დროებითი საგამოძიებო კომისიის] დასკვნის პოზიცია - ეს ერთმანეთს უნდა შევადაროთ. იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებები“, - თქვა ნიკა გვარამიამ და მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებისთვის გადაცემული დოკუმენტების ასლების გადაცემა.
ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა, ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი.
„ჩვენც დაახლოებით ანალოგიური პოზიცია გვაქვს, 2008 წლის ომთან მიმართებით, ფაქტობრივად, მკითხაობა გვიწევს, რა მოგვემართება და რა - არა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურებულია რუსეთის, როგორც აგრესორის როლი.
საგამოძიებო კომისიამ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც აგრესორის, როლი გაათანაბრა საქართველოს ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა, მოსაწონი ხელისუფლება იყო, დამნაშავე იყო რაღაც საკითხებში თუ არა, ეს იყო საერთო ეროვნული საკითხი...“ - ამბობს ბერდია სიჭინავა, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
ამ საკითხის გადასაწყვეტად 7-კაციანი პლენუმი სათათბიროდ გავიდა. უკან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, განაცხადა, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, თუკი საჭირო გახდება, საქმის განხილვის დროს თავად გამოითხოვს მტკიცებულებებს.
„არის სრულიად დაუსაბუთებელი“
იმის გამო, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირველად განიხილავს საქმეს, „ლელომ“ პლენუმს მიმართა, მოსაზრება ეკითხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რომელსაც მსგავს საქმეებზე გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.
„არ ნდობა და ის, რომ საქმე არის მნიშვნელოვანი, გავიგეთ. ობიექტურად, საქმე არის მნიშვნელოვანი. უპრეცედენტო, მაგრამ ამ საფუძვლით საკონსულტაციოდ გადაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის, არის სრულიად დაუსაბუთებელი“, - თქვა რევაზ ნადარიამ.
„კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ“...
ვენეციიის კომისიის სამი ექსპერტის მოწვევის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
„ზოგადად ევროპელი კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. მაგრამ ამ საქმის განხილვისთვის რით დაგვეხმარებოდა, ეს არის დაუსაბუთებელი“, - თქვა რევაზ ნადარაიამ და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პლენუმმა ერთ ხმად მიიღო.
სხვა სარჩელი
„ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობის სახით ითხოვა, პარტიების აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე განხილულიყო მათ მიერ შეტანილი ის სარჩელი, რომელიც გამარტივებული წესით, 14 დღეში იძლევა იმ პარტიის გაუქმების შესაძლებლობას, რომელიც „არსებითად იმეორებს“ უკვე აკრძალული პარტიის საქმიანობის მიზანს ან არსს.
„გაუგებარია, თუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში პარტიის შექმნის, მაშასადამე, მისი რეგისტრაციის კონსტიტუციურობის დასადგენად 9 თვეა საჭირო, როგორ არის შესაძლებელი, პრაქტიკულად, იგივე საკითხის 14 დღის ვადაში შესწავლა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა“, - ეწერა 2025 წლის ოქტომბერში შეტანილ სარჩელში.
კოლეგიამ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.
„ჩვენ კი გისმენთ ამ შუამდგმლობაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მხარეს აქვს უფლება დააყენოს მხოლოდ მოწმეთა და ექსპერტთა გამოძახებაზე ან დამატებითი მტკიცებულების შესახებ შუამდგომლობა“, - თქვა რევაზ ნადარიამ.
გაიმიჯნოს, რომელ პარტიას რას ედავება „ქართული ოცნება“
პარტია „გახარია - საქართველომ“ ითხოვა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბოს, რომელი ოპოზიციური პარტიის გაუქმებას რა მოტივით მოითხოვს.
„სისხლის სამართლის პროცესზე ბრალდებულსაც კი აქვს უფლება იცოდეს, რაშია ბრალდებული და ორი თვე მოემზადოს მტკიცებულებების საფუძველზე - კონსტიტუციური ბრალდების ადრესატმა არ ვიცი, რომელ ნაწილს მედავებიან... დარწმუნებული ვარ, ისევე არის სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც“, - თქვა ბერდია სიჭინავამ, რომელიც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს.
კონსტიტუციურ სარჩელზე შუამდგომლობების განხილვების დროს იქამდე, სანამ უარს იტყვოდნენ ამ ნაწილის დაკმაყოფილებზე, პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა თქვეს, რომ მათთვის სარჩელის შინაარსი გასაგებია.
„პირადად ჩემთვის სარჩელი გასაგებია და რაიმე გაუგებარი არ არის. ჩემთვის მოთხოვნა, წყობა გასაგებია. დასაბუთებაც გასაგებია, რომელ პარტის რას ედავებიან, ესეც გასაგებია. რამდენად არის დასაბუთებული, ეგ სხვა საკითხია... ჩემთვის უცნობია, თქვენთვის რატომ არის გაუგებარი „რას მედავებიან“, - თქვა სერგო მეთოფიშვილმა.
მოსამართლე მეთოფიშვილს რეპლიკით გამოეხმაურა პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ: „ქალბატონ ევას [გოცირიძე - მოსამართლე] უთხარით, რომლისთვისაც არ არის გასაგები“.
მსგავსი შუამდგომლობა დააყენეს „კოალიცამ ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და მათ ორივე დღეს დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
radiotavisupleba ახალი ამბები