პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ძალადობა გამწვავდა 7 სექტემბერს, როცა ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მოქალაქე მახლობელი საგუშაგოდან ისრაელელი მოსახლეების მიერ სოფელზე განხორციელებული თავდასხმის დროს.
ისრაელმა სამხედროებმა მოკლეს კიდევ ერთი პალესტინელი, რომელიც საგუშაგოსთან მივიდა და დანით დაჭრა მოსახლე პირი, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
ეს იყო უახლესი ძალადობრივი ინციდენტი დასავლეთ ნაპირზე არსებული ისრაელელ დასახლებულთა მონაწილეობით.
აშშ-ის ელჩმა ისრაელში ამ უქმეებზე მოინახულა პალესტინელთა ქალაქი, რომელიც ისრაელელ დასახლებულთა თავდასხმების სამიზნე იყო და სადაც მცხოვრებ პალესტინელთაგან ბევრი აშშ-ის მოქალაქეა.
ღამით, დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ ჰაჯაში პალესტინელები სოფლის აღმოსავლეთ კიდესთან შეიკრიბნენ, რათა დაჰპირისპირებოდნენ დაახლოებით ცხრა შეიარაღებულ ებრაელ დასახლებულს, რომლებიც სოფელში შეიჭრნენ.
ისრაელის სამხედრო უწყებამ აღნიშნა, რომ ჯარები ჰაჯაში მას შემდეგ განლაგდნენ, რაც მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ სოფელში ისრაელელები შევიდნენ.
უწყების ცნობით, პალესტინელებმა ჯარისკაცების მიმართულებით ქვები ისროლეს, რასაც მოჰყვა „დაკავების დაწყება, მათ შორის ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა, ცეცხლის გახსნა მთავარი ორგანიზატორების მიმართულებით. დაფიქსირდა მოხვედრები“.
სხვა ინციდენტის დროს, ახალგაზრდა პალესტინელი შევიდა სოფელ ქუსრასთან მდებარე დასახლებულთა საგუშაგოზე. მან დანით დაჭრა 20 წლის ისრაელელი, განაცხადეს ისრაელის სამხედროებმა და მედიკოსებმა. ამ არეალში გასულ თვეს დასახლებულთა მიერ განხორციელებულმა ალყამ საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია.
ჯარებმა ტერიტორიაზე გზები გადაკეტეს და მამაკაცს დასავლეთით მდებარე სოფელთან მიაგნეს. ის მოკლეს როცა სხვა ჯარისკაცზე თავდასხმა სცადა.
პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 34 წლის მამაკაცის დაღუპვა, დეტალების დაზუსტების გარეშე.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი „სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს (ისრაელელ) ფერმის მფლობელს, რომელიც თავდასხმისას დაიჭრა“ და რომ ისრაელი „გააგრძელებს ტერორისტების განადგურებას, მათ დევნას, ვინც მათ აგზავნის, და ტერორისტული ინფრასტრუქტურის დანგრევას იუდეასა და სამარიაში“, როცა მან დასავლეთ ნაპირი ბიბლიაში მოხსენებული დასახელებით მოიხსენია.
ისრაელის ლიდერის ოფისს დაუყოვნებლივ არ უპასუხია კომენტარის მოთხოვნაზე იმის შესახებ, გასცა თუ არა მან ზოგიერთი საგუშაგოს დაშლის ბრძანება.
ნეთანიაჰუს ხშირად უთქვამს, რომ მისი მთავრობა, ყველაზე მემარჯვენე ისრაელის ისტორიაში, მხარს უჭერდა ათობით საგუშაგოს დაარსებას, რომლებიც ხშირად შედგება მთავრობის ოფიციალური ნებართვის გარეშე დადგმული კარავ-მისაბმელებისგან.
მისმა მთავრობამ ბევრ მათგანს უკუძალით მიანიჭა ლეგალური სტატუსი.
გაეროს ორგანოები და მთავრობათა უმეტესობა მიიჩნევს, რომ 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლება უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ისრაელი უარყოფს ამას და ტერიტორიას განიხილავს როგორც სადავოს და არა ოკუპირებულს.
radiotavisupleba ახალი ამბები