“ორი პოლიტიკური პოლუსი, ორი ეკონომიკური ცენტრი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

5 days ago 4

სექტემბრის თვის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით, მაგრამ შემოგთავაზებთ აქედან მხოლოდ ოთხს, რადგან ჩვენი ანალიზისთვის ამ საკითხების გაშლა უფრო ფართო ფორმატით ვფიქრობთ დაგვანახებს სრულ სურათს იმ ტენდენციებისა, რასაც მსოფლიოში დღეს ადგილი აქვს.

  1. პეკინში 3 სექტემბერს, იაპონიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ და დემონსტრაციულად წითელ ხალიჩაზე ერთად გაიარეს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა. ტიანანმენის მოედანზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო, მათ შორის ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები [1];
  2. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 სექტემბერს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს სახელი შეეცვლა და ომის სამინისტრო ეწოდა [2];
  3. დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, ინდოეთის ხელისუფლება რუსული ნავთობის შეძენას არ შეწყვეტს [3];
  4. რუსეთმა 7 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე უპრეცენდენტოდ მასშტაბური დარტყმისთვის 805 თავდასხმის დრონი და რაკეტა გამოიყენა [4].

ჩინეთში სამხედრო აღლუმზე მიწვეულ 26 ქვეყნის ლიდერს ოფიციალურმა პეკინმა 4 დღიანი ღონისძიებებისა და შეხვედრების გრაფიკი შესთავაზა. ამ 4 დღის განმავლობაში გაიმართა უამრავი ოფიციალური შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფოს პირველ პირებს შორის და უამრავი შეთანხმება შედგა და სამომავლო გეგემები განისაზღვრა. რასაც ვერ დავუკარგავთ ჩინელებს ეს ღონისძიებების პომპეზურად ჩატარების უნარია და მართლაც ეს ყველაფერი საკმაოდ მასშტაბურად გამოიყურებოდა.

გავიხსენოთ ზელენსკისთან ერთად დასავლეთის მოწინავე ქვეყნების ლიდერების შეხვედრა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან. ფაქტობრივად იგივე გააკეთა სი ძინპინმაც, ოღონდ ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები მიიწვია შინ. ჩინეთმა ღიად განაცხადა ის, რისი ამბიციაც უკვე დიდი ხანია ოფიციალურ პეკინს აქვს და აქამდე დიპლომატიურად სიჩუმეს ინარჩუნებდა, რადგან აშკარად და ღიად ამაზე საუბრისგან თავს იკავებდა. ჩინეთს აღარ აკმაყოფილებს ლიდერის პოზიცია რეგიონში, არ ხიბლავს ზესახელმწიფოს როლიც მსოფლიოში, მისი ამბიციაა გახდეს როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სამყაროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.

3 სექტემბრის სამხედრო აღლუმისა და მასთან დაკავშირებული შეხვედრების შემდეგ მსოფლიოში ორი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საერთო ღირებულებითი ცენტრი შეიქმნა. ჩამოყალიბდა ორი პოლიტიკური ბანაკი, ერთის მხრივ აშშ-ისა და დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოების (მათ შორის უკრაინა), ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთისა და აღმოსავლეთის ავტოკრატიული სახელმწიფოების (მათ შორის არის რუსეთი) სახით.

აქამდე გაცხადებულად არსებობდა მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, თეთრი სახლი, მაგრამ სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ერთობა“ თავდაცვის სამინისტროს სახელწოდებების გადარქმევა-გადმორქმევით და პუტინთან არაფრის მომცემი საუბრებით, მსოფლიოში პრიორიტეტები იცვლება და ნამდვილად აშშ-ს სასარგებლოდ არა. ასე მაგალითად, ინდოეთმა აშშ-ის მუქარის მიუხედავათ რუსეთის სანქცირებულ ენერგომატარებლების მოხმარებაზე უარი არ განაცხადა, როცა მანამდე თეთრი სახლისადმი ლოიალური პოზიცია ეკავა.

თუ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს და რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის სუვერენიტეტს არ დაიცავს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად სხვა სახელმწიფოებიც, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ მკვეთრი ვექტორი განსაზღვრული, თუ რომელი სიმძიმის ცენტრი აირჩიონ, საბოლოოდ პრიორიტეტს პეკინს მიაკუთვნებენ.

საერთო ჯამში დონალდ ტრამპმი ან/და თუ ეს უკანასკნელი ვერა, თავად აშშ-ს მოქალაქეები უნდა ჩამოყალიბდნენ მათი ქვეყნის ლიდერი სიმპათიას ვის უფრო უნდა უზიარებდეს და ვისთან უფრო უნდა თანამშრომლობდეს, დემოკრატიული სახელმწიფოს პირველ პირებთან, თუ ავტოკრატიული ქვეყნების მმართველებთან. დღეს რასაც ვუყურებთ ნონსენსია, მაგრამ აშკარად მსოფლიოში ნომერ პირველი დემოკრატიული ზესახელმწიფოს ლიდერი დიქტატორებით უფრო მოხიბლულია.

ცალკე თემაა რუსეთის პრობლემა და მასთან დასავლეთის სახელმწიფოების დამოკიდებულება, რომელიც ათწლეულებია უცვლელი რჩება. თითქმის ბოლო ოთხი ათეული წელია კოლექტიურ დასავლეთს კომლექსური შიშები აწუხებთ რუსეთის ფედერაციის დაშლასთან დაკავშირებით. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის დანაწევრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციას თავისი საზღვრები შეუნარჩუნეს და საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს. შემდგომ ყოველთვის ენის მოჩლექვით ესაუბრებოდნენ პუტინს, რომ ზურგი დასავლეთისთვის არ ექცია და მისი მზერა აღმოსავლეთისკენ, ანუ ჩინეთისკენ არ მიმართულიყო. დასავლეთის ლიდერები მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ ახლაც თავს არიდებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს რეალურად აფასებენ და კარგად ხვდებიან, რომ კრემლის ხელმძღვანელობას მხოლოდ ძალის ენა ესმის.

კოლექტიური დასავლეთის ამგვარი პასიური პოლიტიკის მიზეზი რამოდენიმეა, რომელზეც წინა პუბლიკაციებშიც გვისაუბრია, მაგრამ მათ შორის მთავარი ფაქტორი მაინც, ფედერაციის დაშლის შემთხვევაში, ჩინეთის მხრიდან რუსეთის ნედლეულით მდიდარი რეგიონების ანექსიის შესაძლებლობა გახლავთ. დასავლეთი უფრთხის ისეთ ჩინეთს, რომლის წარმოებასაც ულევი იაფი ნედლეული შეიძლება გაუჩნდეს. არამარტო დასავლეთი, სტალინიც კარგად ხვდებოდა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს. თავის დროზე მაო ძედუნის შეთავაზებაზე ორი სახელმწიფოს გაერთიანების შესახებ, მან მტკიცე უარი განაცხადა, მისთვის (სტალინისთვის) დამახასიათებელ ირონიულ სტილში (მაგრამ, ეს ცალკე ისტორიაა).

მართალია კოლექტიური დასავლეთი კარგად ხვდება რუსეთთან ერთად აღმოსავლეთიდან მომდინარე „საფრთხეებს“, მაგრამ ქმედითი ნაბიჯებისთვის, ისეთი როგორც რუსეთის ფედერაციის დაშლაა, ჯერ ძალა და ნება არ ჰყოფნით. ეს იქნებოდა კარგი სასჯელი რუსეთის ფედერაციისთვის, როგორც მოძალადე სახელმწიფოსთვის და ნიშანი ჩინეთისთვის, თუ სად გადის მისი შესაძლებლობის საზღვრები, მაგრამ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების საკითხი, როგორც ჩანს დღის წესრიგში უახლოეს მომავალში არ დადგება.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საუკუნეებია დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო ინტეგრაციისთვის ვირჯებით და სულ რაღაც ან ვიღაც გვიშლის ხელს. თუ კოლექტიური დასავლეთი დღეს, ეხლავე არ გადავა აქტიური და გაბედული პოლიტიკის კეთების ფაზაში, ხვალ უკვე გვიანი იქნება და ჩვენი სურვილების აღსრულებას, სამწუხაროდ, ბედი არ უწერია, რადგან დიდწილად საქართველოს ევროპული მომავლის ბედი უკრაინაში წყდება. თუ რუსეთი დასავლეთის აქტიურობით უკრაინაში დამარცხდება, იგი საბოლოოდ გავლენებს დაკარგავს კავკასიის რეგიონშიც.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. https://ria.ru/20250903/pekin-2039257485.html?in=l
  2. https://www.foxnews.com/politics/trump-rename-pentagon-restoring-historic-department-war-latest-military-move
  3. https://www.dw.com/en/india-brushes-off-trump-tariff-threat-over-russian-oil/a-73528185

https://www.unian.net/war/okkupanty-zapustili-bolee-800-dronov-i-raket-v-vozdushnyh-silah-zayavili-skolko-bylo-sbito-13122459.html

ავტორი
ალექსი ნონიაძე

სრულად წაკითხვა