„ოცნებამ“ რეპრესიული კანონპროექტები მიიღო

1 week ago 3

მასშტაბური პროევროპული აქციების ფონზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გამარტივებული წესით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც პროტესტის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

  • იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;
  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდას აქციებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე.

ცვლილებები ითვალისწინებს:

  • სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის ზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
  • ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50-დან 1000 ლარამდე ზრდას, განმეორებით დარღვევოსთვის კი — 2000 ლარამდე;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15 000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას;
  • შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას;
  • მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა);
  • ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.

მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, დაჩქარებული წესით ცვლილებები შევიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშიც, რითაც გამარტივდა რეორგანიზაცია.

„მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში, არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან“, — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე „არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“.

ომბუდსმენის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო პროექტით საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს.

მეორე მოსმენით განხილვისას დამატებული ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ჩაითვლებიან პროფესიულ საჯარო მოხელეებად და მათი დანიშვნა მოხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პირთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება თავად საჯარო სამსახურის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამსახური.

ამავე დროს ეს რეგულაციები გავრცელდება საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირების მიმართაც.

რაც შეეხება მანიფესტაციებზე ნიღბის ტარების შეზღუდვას, ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს მსგავს შეზღუდვას, უმრავლეს შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური.

„მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის“, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდივიდებისთვის შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, უკვე დადგენილი ცალკეული დარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მნიშვნელოვანად გაიზარდა და რიგ შემთხვევაში დაწესდა დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობა.

“კუდიანებზე” ნადირობა?- რატომ ცვლის „ოცნება“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს

სრულად წაკითხვა