WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და რომ მასზე ძალადობა სისტემატიურად ხორციელდება.

გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში “კოალიცია “ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.

ავთანდილ დავითაძის ოჯახი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ მათი შვილი ბადრაგის 9 თანამშრომელს, დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. მათივე ცნობით, ფაქტი დეკემბერში მოხდა და მას შემდეგ გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური გრძელდება.

გიორგის დედა ირმა დავითაძე აცხადებს, რომ მის შვილზე ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის, დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„სასწრაფოდ მოვითხოვ, გადაიყვანონ ამ ციხიდან და შეწყდეს პატიმრებზე ძალადობა“,- აცხადებს ირმა დავითაძე „ტვ პირველთან“.

გიორგი დავითაძის ადვოკატი, ირმა ჯანუაშვილი აცხადებს, რომ პატიმარზე ძალადობის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებული არიან და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

„დეკემბრიდან გიორგი დავითაძის მიმართ იწყება სისტემატური, პერმანენტული ძალადობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. სამ კვადრატულ მეტრ ოთახში მასზე ცხრა ადამიანი ძალადობს, რაც ჩვენებებში დეტალურად გვაქვს აღწერილი. ამოღებულია მისი საკნის ვიდეოჩანაწერებიც. კადრებში ჩანს, რომ საკნიდან მისი გაყვანისას სრულიად უწყინარი ვითარებაა, გეგმური ჩხრეკისა თუ შემოწმების დროს პატიმარი მშვიდად გამოდის გარეთ და ბადრაგს უფლებამოსილების შესრულებას აცდის. ამის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, ბადრაგის თანამშრომლები კი დერეფანში საუბრობენ, რის მერეც კვლავ აღებენ კარს, შედიან და პატიმარი ქვემოთ ჩაჰყავთ. საბადრაგო სამსახური თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც გიორგი დავითაძე ძალადობისგან უნდა დაეცვა, თავად გვევლინება მოძალადედ“, – აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“ საუბარში.

ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყება განცხადებას გაავრცელებს.