ამის შესახებ მან ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მმართველი პარტიის სარჩელს განიხილავენ.
ბეჟაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, სასამართლოს გადაწყვეტილებით იურიდიულად გაამყაროს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პოლიტიკური შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, 2008 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო ინტერვენციისთვის ნიადაგი შექმნა.
მისი განცხადებით, ამ მიდგომის გაზიარებით საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად დაადასტურებს, რომ აგვისტოს ომი არა რუსეთის დამოუკიდებელი აგრესიული ქმედება, არამედ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგი იყო.
„სარჩელის ავტორთა მიზანს სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ერთგვარი „რეფრეიმინგის“ (ჩარჩოს შეცვლა) იურიდიულად გაფორმება წარმოადგენს, რომლითაც რუსეთის ინტერვენცია საქართველოს პროვოკაციულ ქცევაზე საპასუხო რეაქციად უნდა იქნეს აღიარებული“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება რუსეთისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დამატებითი არგუმენტი გახდება, რადგან მოსკოვს შეეძლება მიუთითოს, რომ საქართველოს სასამართლომ თავად დაადასტურა ომის დაწყებაში ქართული მხარის პასუხისმგებლობა.
რა წერია სარჩელში?
(2008 წლის აგვისტოში) საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად.
ბეჟაშვილმა ამ კონტექსტში ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სარჩელში წარმოდგენილი შეფასებები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლებრივ დავებში მიღწეულ შედეგებს და შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის პოზიციები ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საფრთხე მხოლოდ წარსული მოვლენების შეფასებით არ შემოიფარგლება. მისი ვარაუდით, 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის გადატანა შესაძლოა ახალი სახელმწიფოებრივი ნარატივის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.
„ახალი სახელმწიფოებრივი ნარატივი კი ამ სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ისეთ მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს, როგორიც არის რუსეთის დესტიგმატიზაცია, საზოგადოების მომზადება ახალი პოლიტიკური რეალობის მისაღებად და საბოლოო ჯამში აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობის განსხვავებული მოდელის სამომავლო გამართლება“, - განაცხადა მან.
ბეჟაშვილის განმარტებით, თუ სასამართლო გაიზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული მოქმედებები რუსეთის აგრესიის პროვოცირებას წარმოადგენდა, მსგავსი მიდგომა მომავალში აფხაზეთის საკითხზეც შეიძლება გავრცელდეს. მისი შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვოს სამართლებრივ განმტკიცებას.
რუსეთთან ურთიერთობა და ნეიტრალიტეტის საკითხი
ბეჟაშვილმა გააკრიტიკა სარჩელის ის ნაწილიც, რომელშიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და უკრაინაში ქართველი მოხალისეების გასამგზავრებლად ჩარტერული რეისის დაშვების მხარდაჭერა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხესთან არის დაკავშირებული.
მისი განცხადებით, სარჩელის ავტორები სამართლებრივად არ ასაბუთებენ, რატომ უნდა ნიშნავდეს ასეთი მოთხოვნები საქართველოს სამხედრო კონფლიქტის მხარედ ქცევას.
ბეჟაშვილის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაერთ სახელმწიფოს აქვს დაწესებული, თუმცა ისინი ამის გამო რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებად არ მიიჩნევიან. შესაბამისად, მისი შეფასებით, სანქციების მხარდაჭერა ან მოხალისეების გამგზავრებისთვის ნებართვის მოთხოვნა თავისთავად ვერ ჩაითვლება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად.
ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ სარჩელის ავტორები ცდილობენ, რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი გამწვავება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ.
მისი შეფასებით, ასეთი მიდგომის სასამართლოს მიერ გაზიარებამ შესაძლოა მომავალში საქართველოს პოლიტიკური არჩევანი რუსეთის ინტერესებს დაუქვემდებაროს და ქვეყნისთვის ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის სამართლებრივი საფუძველი შექმნას.
„აღნიშნული მიდგომა კონსტიტუციურ-სამართლებრივად დააფუძნებს რუსეთისადმი სავალდებულო ლოიალობის იდეას და შექმნის დე ფაქტო ნეიტრალიტეტის სამართლებრივ ჩარჩოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პერსპექტივის დაზიანებად ჩაითვლება ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს საქართველოს შესაძლებლობებს შეზღუდავს, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.
გამოსვლის დასასრულს ბეჟაშვილმა მოსამართლეებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს არ განსაზღვრავს.
„დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება თუ არა საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება“, - განაცხადა მან.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და პოლიტიკური კონკურენციის მოსპობაა.
radiotavisupleba ახალი ამბები