WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში მყოფმა გიორგი დავითაძემ, - რომელიც ბადრაგების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, - „გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა“, მისი ოჯახი მსჯავრდადებულის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვს.

გიორგი დავითაძის დედ-მამა აცხადებს, რომ „რახან მან რაღაც გადაყლაპა პროტესტის ნიშნად, ესე იგი, რაღაც ხდება ამ ციხეში“.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ „ყველა პატიმრის სიცოცხლე დაცულია“.

„გადაიყვანონ სხვა ციხეში, სამარტოო საკანში“, - უთხრა დედამ, ირმა დავითაძემ „ტვ პირველს“.

დავითაძე ამჟამად რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, - იქ, სადაც, მისი თქმით, 2025 წლის 21 დეკემბერს მასზე სექსუალურად იძალადეს.

„რაღაცას გადასძახებენ, მწყობრიდან გამოიყვანენ“ - მამა

„ამიტომ მოვითხოვდი და ახლაც მოვითხოვ, რომ ჩამოაშორონ №6 დაწესებულებას ... ის ბადრაგები, რომლებიც იქ მუშაობენ, ვინც იღებდა მონაწილეობას ჩემი შვილის გაუპატიურებაში“, - თქვა მამამ, ავთანდილ დავითაძემ.

„მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ, რაც მის ღირსებას ეხება, გამოიყვანენ მწყობრიდან და მერე იწყება იქ ის, რაც არ უნდა ხდებოედს“, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

დედის განცხადებით, მის შვილზე „ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ტერორს ჰქონდა ადგილი“ რაც „ახლაც გრძელდება“. შემდეგ კი თქვა:

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო და მითხრა, არის მხნედ, ბრძოლისუნარიანი და შემოგვითვალა, ბრძოლა ბოლომდეო“.

„დაცულია ყველა პატიმრის სიცოცხლე“ - მინისტრი

5 ოქტომბერს გაიმართება იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ბრიფინგი - მან თქვა, რომ შეკითხვებს უპასუხებს.

„ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა“, - უთხრა მან ტვ პირველს სახლიდან გამოსვლისას. სხვა შეკითხებს არ უპასუხა და მხოლოდ თქვა:

„დაცულია ყველა პატიმრის სიციცხლე და უსაფრთხოება“.

„ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. და თავად განაცხადა გადაყვანაზე უარი“, - დასძინა მინისტრმა.

ინციდენტი კვირა საღამოს

4 ოქტომბერს, 22:45 საათისთვის, პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც იმავე საღამოს დავითაძემ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“.

უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე და გადაღებულია საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.

განცხადებიდან არ ირკვევა, საიდან ჰქონდა დავითაძეს „გაურკვეველი მცირე საგანი“ - ან რა ტიპისა შეიძლება ყოფილიყო ეს საგანი.

პენიტენციური სამსახურის თანახმადვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის „მონიტორინგის მიზნით“ დავითაძეს შესთავაზეს „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან „კატეგორიული უარი განაცხადა“.

„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, - აცხადებს სამსახური.

გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
  • „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
  • დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
  • პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
  • უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
  • 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.