პაპუაშვილის თქმით, ეს ისეთივე საინფორმაციო ხმაურის ატეხას ემსახურება, როგორიც „მეგობარ აქტზე“, მტრულ აქტზე" იყო, რომელიც მისი სიტყვებით "წელიწადზე მეტია ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში" და "საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს".
"ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ? იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას", - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.
როგორც კონგრესმენმა უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, მადლიერია, რომ მისი შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესახებ მიღებულია.
შესწორების თანახმად, არცერთ ოფიციალურ პირს, ან მოხელეს არ შეუძლია რაიმე ქმედება და ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება.
კონგრესმენ უილსონის შესწორებას 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა. დოკუმენტს კენჭი უნდა ეყაროს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე.
ჯო უილსონი ერთ-ერთი ინიციატორია „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act), რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში მიიღო.
კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია სენატს, ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობას.
„ქართული ოცნების“ მთავრობა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს „მტრულ აქტს" უწოდებს და „დიპ სტეიტის" ქმედებების შედეგად მიიჩნევს.
- შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
- მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
- სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
- ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
- 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
- 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.