პაპუაშვილი "საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევად" აფასებს ევროპარლამენტისა და PACE-ს რეზოლუციებს

1 hour ago 2

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებს, დღეს 25 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა სპიკერი შალვა პაპუაშვილი. მისი შეფასებით ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა "საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები".

პაპუაშვილის თქმით "ევროპარლამენტმა, პრაქტიკულად, თავის ბოლო ანგარიშში თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუტოლა", "მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე" და "ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას".

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, ევროპარლამენტის ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს.

"ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება, წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობს. ევროპარლამენტს პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის, ქართულ სახელმწიფო სუვერენიტეტზე და საქართველოს ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრივ იდეაზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

და ევროკომისიას მოუწოდა "გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას“.

ამასთან როოგრც პაპუაშვილმა აღნიშნა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია ადასტურებს, რომ "ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად", რისთვისაც მისი სიტყვებით აუცილებელია, "შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა; დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ; სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები".

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის პლენარულ სხდომაზე მიიღეს (83 მომხრე, 5 წინააღმდეგი) კრიტიკული რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობის“ შესახებ.

PACE-ს რეზოლუცია

კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რომელშიც ოცამდე პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა და მათი უდიდესი უმრავლესობის შეფასებები იყო უკიდურესად კრიტიკული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მსგავსად ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტისა, რომლებიც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა - ედიტე ეშტრელამ (პორტუგალია, სოციალისტების ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია-ჰერცეგოვინა, ALDE) წარმოადგინეს.

მეორე წელია, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სრულად შეეჩერებინა ასამბლეაში საქმიანობა. უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძვლად კი იქცა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაზე“ წარმოქმნილი „სერიოზული ეჭვები“, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება.

ევროპარლამენტის ანგარიში

17 ივნისს ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ დაამტკიცა საქართველოს შესახებ ანგარიში. მრავალგვერდიან დოკუმენტში შეფასებულია ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, შემზღუდავ კანონებსა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

საქართველო და ევროინტეგრაცია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირს გაწევრიანებაზე განაცხადით 2022 წლის 3 მარტს მიმართა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა მოგვიანებით, 2023 წლის დეკემბერში. 2024 წლიდან კი საქართველოს გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო შეჩერებულია".

ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და აცხადებენ, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.

სრულად წაკითხვა