„ქართული ოცნების“ ლიდერი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც პარლამენტში გამართა ბრიფინგი, „ძალადობრივი თავდასხმა“ უწოდა პოლიციელისთვის სილის გაწვნას - მისი თქმით, ამ მიზეზით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს „ყველაზე მცირე სასჯელი“ შეეფარდა.
მან ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა მაშინ, როცა დეზინფორმაცია უწოდა გაეროში ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში „თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებზე“.
„რაც შეეხება სასჯელს, მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი. მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში - ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული იყო მზია ამაღლობელისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, ეს იყო დანაშაული და რომ ქცევა იყო არასწორი...“ - თქვა პაპუაშვილმა.
2-წლიანი პატიმრობა - ყველაზე მცირე სასჯელი?
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი, რომლითაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორი მედიასაშუალების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი გაასამართლეს, ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელის გარდა ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპტიმრობასაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასჯელის სახედ გამოიყენა პატიმრობა, თუმცა საპატიმრო სასჯელს შორის ყველაზე მინიმალური ვადა - 2 წელი. მას ასევე შეეძლო გამოეყნებინა შინაპატიმრობა ან ჯარიმა.
რას სთავაზობდნენ ამაღლობელს?
შალვა პაპუაშვილმა როგორც აღნიშნა, მზია ამაღლობელს სთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას:
„საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, ეს იყო დანაშაული და რომ ქცევა იყო არასწორი...“
საპროცესო გარიგების შემთხვევაში ბრალდებულმა სრულად უნდა აღიაროს დანაშაული იმ ფორმულირებით, როგორც ამას პროკურატურა წერს დადგენილებაში.
მზია ამაღლობელისგან მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ის თავს დაესხა პოლიციელს - მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
რას აღიარებდა მზია ამაღლობელი?
ადვოკატი სასამართლო სხდომებზე ადასტურებდა, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელს სილა გააწნა, თუმცა ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა, როგორც ამის ფორმულირებას ახდენდა პროკურატურა. მაია მწარიაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო ადმინისტრაციული გადაცდომა.
მზია ამაღლობელის საქმე
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
- 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
- პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
radiotavisupleba ახალი ამბები