WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა რეფერენდუმის ჩატარებას შემდეგ საკითხზე:

  • „ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს მოქმედი პარლამენტი წარმოადგენს ქართველი ხალხის ნდობის მანდატზე დაფუძნებულ ლეგიტიმურ წარმომადგენლობით ორგანოს?”

განაცხადი ცესკოში 22 ივლისს შევიდა, საკითხზე გადაწყვეტილება კი დღეს, 17 აგვისტოს მიიღეს. კომისიის სხდომას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის „დამაბრკოლებელ გარემოებებზე“ ისაუბრა, რადგან რეფერენდუმს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

კომისიის მოსაზრებით, ამომრჩევლისთვის „ბუნდოვანი იქნება“ შემოთავაზებული საკითხი, რადგან ინიციატივის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს საკითხი არ უკავშირდება პარლამენტის ვადამდე ადრე დათხოვნას და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

„მაშინ როდესაც საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა ნიშნავს, რომ მოქმედი საკანონმდებლო ორგანო არის არალეგიტიმური. ასევე, რეფერენდუმის გზით პარლამენტის ვადაზე ადრე დათხოვნა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს კონსტიტუციით და არც საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსით. აღნიშნულ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა კომისიის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე, მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს წარდგენილ დოკუმენტაციაში არ ჰქონდათ მითითებული კანონით გათვალისწინებული მონაცემები - საცხოვრებელი ადგილი და სატელეფონო ნომრები.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვახტანგ ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის „ცოტა გაუგებარია“, რას ემსახურება ცესკოს დასკვნა.

„გამოდის, რომ პარლამენტის მიმართ ლეგიტიმაციის საკითხის ხალხის მიერ გადაწყვეტა არის ხელშეუხებელი, ტაბუდადებული საკითხი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ხალხის ძალაუფლება, რომელიც კონსტიტუციურად გარანტირებულია, არის შეზღუდული. აქ უკვე გადავდივართ პოლიტიკურ საკითხზე, რაც არ უნდა იყოს ცესკოს მსჯელობის საგანი“, - თქვა ზარქუამ.

რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერდნენ პარტია „მამული, ენა, სარწმუნოების“ და ორგანიზაციის „საქართველოს პლანეტათაშორისო და ჩვენი პლანეტა სიკეთის მშვიდობის საერთაშორისო ფონდი“ წევრები.

  • კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტია უფლებამოსილი, რეფერენდუმი დანიშნოს პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
  • რეფერენდუმი არ ტარდება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, საერთაშორისო ხელშეკრულების, ამნისტიის ან შეწყალების გამო, ან ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მიზნით.
  • ბოლო წლებში ცესკოსთვის არაერთხელ მიუმართავთ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა არცერთ მიმართვას თანხმობა არ მოჰყოლია.
  • საქართველოში რეფერენდუმი 2003 წლის 2 ნოემბრის შემდეგ არ გამართულა, როცა მოსახლეობის უმრავლესობამ პარლამენტის წევრთა 235-დან 150-მდე შემცირებას დაუჭირა მხარი.