პარლამენტის წინ ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს

2 weeks ago 15

8 დეკემბრის ღამის 4 საათისთვის თბილისში პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ათი დღეა საპროტესტო აქციები იმართება საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს.

როგორც ადგილზე მყოფმა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, "მოეწყობა, გალამაზდება" იქაურობა.

"ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის", - უთხრა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას პირდაპირ ჩართვაში.

საახალწლო ნაძვის ხის დადგმას შეესწრო აქტივისტი მაკუნა გოჩიშვილი, რომელიც მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას "ქართულმა ოცნებამ" 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

მაკუნა გოჩიტაშვილის თქმით, ნაძვის ხის დადგმას იმ ადგილას, სადაც ადამიანებზე ძალადობენ, აღიქვამს დაცინვად.

"ეს ნაძვის ხე არის დაცინვა, პირადად ჩემი შვილების დაცინვა, რომლებიც ყოველ დილით მეკითხებიან ხომ არ დამიჭირეს, იმ ადამიანების ვინც დაიჭირეს, იმ ჟურნალისტების, ვინც გუშინ სცემეს და იმ ხალხის დაცინვა, ვისი ხმაც არ ესმით. წარმოუდგენელია, ეს არის პროვოკაცია სახელმწიფოს მხრიდან. ათი დღეა ათობით ათასი ადამიანი გამოდის კონკრეტული მოთხოვნებით, 10 დღეა არანაირი პასუხი არ აქვთ. გარდა იმისა, რომ უსახო ადამიანებს აცემინონ ჩვენს თავს და მერე ნახვის ხეს მიდგას აქ. ბოღმა მახრჩობს", - უთხრა მაკუნა გოჩიტაშვილმა რადიო თავისუფლებას. რომლის თქმითაც არავითარი ახალი წელი არ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამოვა კრიზისიდან და საიდანაც გამოსავალიც არის ხელახალი არჩევნების დანიშნა და ჩატარება ნეიტრალური კომისიის მიერ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ ნაძვის ხის მოწყობის შესახებ შეიტყო, ადგილზე მივიდა გიორგი მონავარდისაშვილი. ის მუშებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა და უხსნიდა, რომ მათ აქვთ უფლება, არ შეასრულონ დავალებები.

"სახლში ვიყავით მისულები აქციიდან, ეს ამბავი გავიგეთ და დავბრუნდით. არ მივესალმები აქ ნაძვის ხის დადგმას. რა საჭიროა ეს რაღაც ჭიდაობა თბილისელებთან, დღე და რამე აქ ხალხს თავებს უტეხენ, მართლა მანაღვლებს ამ კონსტრუქციის სიჯანსაღე" - თქვა გიორგი მონავარდისაშვილმა.

"თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, დღეს რაც ხდებოდა, იმ სისხლისღვრის ფონზე, იქ სადაც ჟურნალისტების და აქტივისტების სისხლია დაღვრილი იქ ნაძვის ხეს დგამენ. დრო იხელთა, მოასწრო კალაძემ სანამ წასულები ვიყავით, დაგვიგულა და დადგა ეს რკინის კონსტრუქცია",- თქვა სოფო კუჭავამ.

თბილისში პროევროპული აქცია-მსვლელობა 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეათე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს ხუთი საათისთვის დაიწყო და 7 საათისთვის, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. აქცია რამის 2 საათისთვის დასრულდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე.

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას.

ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.

მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".

რაც შეეხება პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმას, 6 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ესმის კონკრეტული განცხადებები საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით "რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია"

"თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს ახალი წლის ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამისთვის 8 576 967 ლარი დაიხარჯება.

ათი ღამეა თბილისში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც, მათ მოთხოვნებს ბოლო დღეებში შეემატა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც. მომიტინგეები მათ "პოლიტპატიმრებად" მიიჩნევენ.

აქციების მეათე ღამეს, სამართალდამცველებს, სავარაუდოდ, არცერთი დემონსტრანტი არ დაუკავებიათ.

დემონსტრაციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 386 ადამიანი.

28 პირს კი სისხლის სამართლის დანაშაულები ედებათ ბრალად.

სრულად წაკითხვა