5
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს:
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, რაც ზოგადად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს და არ არის მისასალმებელი.
რაც შეეხება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შინაარს, საქართველოს პარლამენტმა განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. მართალია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვის დროს წარდგენილი მოსაზრებები რეორგანიზაციის საფუძვლებთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროა, რომ საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო პროექტით საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს.
გარდა ამისა, მეორე მოსმენით განხილვისას წარმოდგენილ იქნა ახალი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ჩაითვლებიან პროფესიულ საჯარო მოხელეებად, მათი დანიშვნა მოხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პირთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება თავად საჯარო სამსახურის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამსახური. ამავე დროს ეს რეგულაციები გავრცელდება საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირების მიმართაც.
ამავე კვირას, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით აიკრძალა შეკრება მანიფესტაციებზე ნიღბის ტარება. მიუხედავად იმისა რომ ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს მსგავს შეზღუდვას, უმრავლეს შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის.
ასევე, ცვლილებები განხორციელდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ რომლის თანახმად, უკვე დადგენილი ცალკეული დარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მნიშვნელოვანად გაიზარდა და რიგ შემთხვევაში დაწესდა დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს ინდივიდებისათვის.“