პარლამენტში ახალი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

1 month ago 6

„ქართულმა ოცნებამ“ 29 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გამართა. ხანმოკლე ცერემონია პარლამენტის შენობაში გაიმართა. ინაუგურაციას არცერთი უცხოელი ელჩი არ დასწრებია. მმართველი პარტიის თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში სივრცის სიმცირის გამო არ მიიწვიეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა მათი ახალი მთავარსარდლის ფიცის დადებას. ინაუგურაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. ტრადიციის დარღვევით, პარლამენტის პლენარულ დარბაზში მხოლოდ ქართული დროშები იყო გამოფენილი, ხოლო ევროკავშირის დროშები არსად ჩანდა.

ამ ნაბიჯით, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური დაყოფა ქვეყანაში, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის წევრთა 224 ხმა დააგროვა. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ერთდაერთი კანდიდატი იყო.  ადგილობრივმა და საერთაშორისო აქტორებმა ყაველაშვილის ლეგიტიმაცია არ ცნეს და განაცხადეს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

ყაველაშვილის გამოსვლა

თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, რომელიც ძირითადად წარსულსა და ისტორიაზე და ქართველი ერის გამორჩეულობის საკითხზე იყო ფოკუსირებული, თუმცა აკლდა მომავლის ხედვა და გეგმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველი ხალხის გამძლეობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გადაურჩა უამრავ გაჭირვებას, ქართველმა ერმა დაიცვა თავისი სამშობლო და ღირებულებები მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და უამრავი მტრისგან. ყაველაშვილმა შეაქო ქართველი ერი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ „მარადიული იდეის“ შექმნის გამო, რომელსაც სამშობლო ჰქვია, რომელიც აგრძელებს თავისი ხალხის გაერთიანებას და შთაგონებას. მან ხაზი გაუსვა უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს, რომლებიც ღრმად არის გადაჯაჭვული ქართულ იდენტობასთან, თაობებშია შენარჩუნებული საერთო ღირებულებებითა და საერთო ისტორიით.

ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანობის კრიტიკულ მნიშვნელობას, რომელიც, მისი თქმით, ურთიერთპატივისცემაში, ოჯახის სიყვარულსა და სამშობლოს ერთგულებაშია ფესვგადგმული. „ძლიერი ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ ნერგავენ ქართული ოჯახები უფროსების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს და სამართლიანობისადმი ერთგულებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ქართველებისთვისაა დამახასიათებელი.

მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მშვიდობისკენ სწრაფვას, როგორც მათი ისტორიისა და ღირებულებების ქვაკუთხედს. ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა უთვალავი ბრძოლა გამართეს სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად, მათი საბოლოო მიზანი ყოველთვის მშვიდობის მიღწევა იყო. „ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ტრადიციული ქართული სუფრა, რომელიც უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება, იხსნება სწორედ „ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“.

თანამედროვე გამოწვევებზე საუბრისას ყაველაშვილმა სიფრთხილისა და წინდახედულებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა წარსულის შეცდომებზე სწავლისა და ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მნიშვნელობას. ბოლოდროინდელ რეგიონულ და გლობალურ მოვლენებზე საუბრისას, მან აღიარა ის მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებიც საქართველოს წინაშე იდგა და რომლებიც ქვეყანამ დაძლია ხალხისა და სახელმწიფოს ერთიანობით. „გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება – ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა კონფლიქტებით გამოწვეულ ტკივილზე, რამაც ქართველები აფხაზ და ოს და-ძმებს დააშორა, რომლებთანაც მათ მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მეგობრობა და სიყვარული აკავშირებდათ. მას ამ კონტექსტში რუსეთი ან რუსული ოკუპაცია არ უხსენებია.

ყაველაშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ ომის ჭრილობები შეხორცდება და ერთიან და ძლიერ საქართველოში ჰარმონიული თანაცხოვრების ტრადიცია აღდგება. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტოლერანტობისა და ჰუმანურობის მემკვიდრეობას და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანები დიდი ხანია საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევენ და ხშირად ქართველების გვერდით იდგნენ მის დასაცავად.

„ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ“, –  განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა