პარლამენტში უცხოური გავლენის კანონის განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება

2 weeks ago 12

დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც უცხოური გავლენის კანონს განიხილავდნენ. კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).

ამ წუთებში პარლამენტის შენობის გარშემო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ კანონის გაწვევას.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოური გავლენის კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

სრულად წაკითხვა