პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 2008-09 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო

5 hours ago 5

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ ინიციირებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი ითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას.

სარჩელს განიხილავს სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის თავმჯდომარეც არის მოსამართლე ვასილ როინიშვილი. როინიშვილი 2004-09 წლებში პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის მთავარი პროკურორის მოადგილედ.

ის ასევე იყო თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი.

როინ შავაძის საქმე ერთ-ერთი საფუძველია, რის გამოც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.

რა წერია სარჩელში - მოკლედ

როგორც დაანონსებული იყო, საბოლოოდ სარჩელში მოთხოვნილია სამი პარტიის აკრძალვა. ესენია:

  • „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;
  • „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.

„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ამ სამ პარტიასთან „მჭიდროდ დაკავშირებულია“ კიდევ 10 პარტია, რომლებსაც „ოცნება“ უწოდებს „ფიქტიურ, ერთკაციან და მცირე პარტიებს“.

ესენი არიან:

  • ელენე ხოშტარიას „დროა“;
  • ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი − მეტი თავისუფლება“;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • „ევროპული საქართველო“;
  • „ფედერალისტები“;
  • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.

„თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, - წერია სარჩელში.

ვინ არის მოსამართლე როინიშვილი

სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის თავმჯდომარეც არის მოსამართლე ვასილ როინიშვილი.

კოლეგიის დანარჩენი წევრები არიან ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2020 წლის 29 მაისს დანიშნეს, 25 ივნისს კი - სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, 2004 წელს იგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. შემდეგ:

  • 2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კადრების სამმართველოს უფროსი;
  • 2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;
  • 2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
  • 2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.

2009 წლიდან იგი სასამართლო სისტემაში გადავიდა.

მომდევნო 11 წლის განმავლობაში - 2009-2020 წლებში - იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ვასილ როინიშვილი

ვასილ როინიშვილი

სხვადასხვა დროს იყო:

  • უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
  • ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

როინ შავაძის საქმის პროკურორი

როინ შავაძე - თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე- 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

დღეს გამოქვეყნებულ სარჩელში „ქართული ოცნება“ არგუმენტად იშველიებს სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. სარჩელში წერია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“:

  • „ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა“;
  • „იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება“.

იქვე სარჩელის ავტორები ჩამოთვლიან „ცალკე აღსანიშნავ... ფაქტებსა და კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთა შორის დასახელებულია „სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე“.

ამონარიდი საკონსტიტუციო სარჩელიდან

ამონარიდი საკონსტიტუციო სარჩელიდან

რაც შეეხება ამ საქმის გარემოებებს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოძიების, მათ შორის პროკურატურის 2024 წლის განცხადების თანახმად:

  • 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმში კუდ-ის თანამშრომლებმა, აჭარის სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე - რომელიც წარსულში ასლან აბაშიძის დაცვაში მუშაობდა - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით „უკანონოდ დააკავეს“;
  • შემდეგ სასტიკად სცემეს;
  • აჭარა-გურიის საზღვართან გააჩერეს ავტომანქანები და „უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია“;
  • ექსპერტიზის მიხედვით, შავაძეს სხეულზე 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.
  • დამატებით, გამოძიების ვერსიითვე, შავაძის მკვლელობის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, თითქოს მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და გადაყვანისას გაქცევა სცადა და მათ იარაღი წაართვა.

სტრასბურგის სასამართლომ შავაძის საქმეზე 2020 წელს დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

ვასილ როინიშვილი როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო. შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე, მას მუქარაში ადანაშაულებდა.

გამოცემა „ბათუმელები“, რომელმაც საქმის მასალები 2024 წელს გამოითხოვა, იუწყებოდა, რომ 2023 წლის სექტემბერში გამოკითხვაზე ვასილ როინიშვილსა და გამომძიებელს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- გამომძიებელი: „ციცინო შავაძის განმარტებითვე, თქვენ მას მოუწოდეთ დამშვიდებისა და სახლში წასვლისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირკვეოდა, რომ როინ შავაძე იყო სამშობლოს მოღალატე და თვითონ მას ექნებოდა თავი მოსაკლავი. რა შეგიძლიათ განმარტოთ აღნიშნულთან დაკავშირებით?“

- ვასილ როინიშვილი: ... „ქალბატონ ციცინო შავაძეს მე შევხვდი ერთხელ, მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან რამოდენიმე დღეში... შეხვედრისას იგი იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ადამიანურად ვეცადე მის დამშვიდებას. კერძოდ, მას ვუთხარი, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და უმჯობესი იქნებოდა დალოდებოდა გამოძიების შედეგებს. შეხვედრისას მოვუწოდე, რომ დამშვიდებულიყო და ამ საუბრით მართლაც ვცდილობდი მის დამშვიდებას.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მე ციცინო შავაძეს ვუთხარი, რომ როინ შავაძე იყო სამშობლოს მოღალატე და თვითონ ციცინო შავაძეს ექნებოდა თავი მოსაკლავი, მოგახსენებთ, რომ რაიმე ასეთ ფაქტს, რაიმე ასეთ სიტყვებს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“.

სრულად წაკითხვა