პასუხიებით მოსამართლე კმაყოფილი ჩანდა - ნინო ევგებიძე ე.წ. პირბადეების საქმეზე სასამართლოში გამოკითხეს

2 hours ago 3

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს ე.წ. პირბადეების საქმეზე. მისი ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება პროკურატურას არ მოუთხოვია, თუმცა ის გამოკითხვაზე მაინც დაიბარეს.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს „პირბადეების საქმე” თავიდან ბოლომდე ძალიან კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული საერთოდ არაფრის შესაძენად. გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები ვიყავით, არანაირ ორგანიზებაში და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა არ მიგვიღია.

მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მოსამართლე კმაყოფილი ჩანდა ამ პასუხებით და ამომწურავად ვუპასუხე ყველა იმ შეკითხვას, რაც გამოძიების მხრიდან იყო დასმული“, - თქვა ნინო ევგენიძემ.

ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს პროევროპული საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ესენი არიან:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
  • „დემოკრატიის მცველები“;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

ეს საქმე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა - ორგანიზაცია 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.

ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხეს:

  • 8 სექტემბერს - ISFED-ის მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი;
  • 5 სექტემბერს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. მან განმარტა, რომ „წიწაკის სპრეი“ ორგანიზაციამ შეიძინა თანამშრომელი ქალებისთვის, „სასტიკ რეალობაში თავის დასაცავად“;
  • 4 სექტემბერს - „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მან თქვა, რომ პროკურორებს არ წარმოუდგენიათ „არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია ვინმეს მიერ შესყიდული“;
  • 3 სექტემბერს - „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაარსებიდან „მუდმივად იცავს ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“;
  • 3 სექტემბერს - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი;
  • 9 სექტემბერს - „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია;
  • 11 სექტემბერს - ალეკო ცქიტიშვილი - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი;
  • 16 სექტემბერს - "ადამიანის უფლებათა სახლის" თავმჯდომარე და „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი;
  • 17 სექტემბერს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
სრულად წაკითხვა