"პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს" - კობახიძე დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

5 days ago 5

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვის პასუხად შეაფასა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, "ეს არის სიმბოლური ჟესტი".

"საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით, ეს ნიშნავს იმას რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე ჩაგირტყამენ და წახვალ შესაბამის ევროპული ქვეყანაში. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში".

ამასთან, ირაკლი კობახიძე "პატარა დისკომფორტს" უწოდებს, იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს შესაძლოა ევროკავშირში წასასვლელად სავიზო განაცხადის შეტანა მოუწიოთ.

"შეიძლება დიპლომატიური პასპორტი ჰქონდეს, შეიძლება ჩვეულებრივი და ორივე შემთხვევაში მოუწიოს სავიზო განაცხადის შეიტანოს ვიზაზე. ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა პატარა დისკომფორტია მაგრამ არა უმეტეს", - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

16 დეკემბერს ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იყო. მათ იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ უნდა შემოიღონ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგას“.

თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ.

„გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი მეტი გაკეთებულიყო, - თქვა კაია კალასმა, - ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“.

ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმი 2011 წლიდან მოქმედებს - ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.

დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები - მთავრობის წევრები, პარლამენტარები, მაღალი თანამდებობის ბიუროკრატები და საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქი.

უცნობია, დაუშვებს თუ არა ამ მხრივ გამონაკლისს ევროკავშირი. 16 დეკემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა მიაღწია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს გამორიცხვას ევროკავშირის სანქციებიდან. ბუდაპეშტი ადრეც ამტკიცებდა, რომ სანქციების სიაში არცერთი რელიგიური ლიდერი არ უნდა იყოს შეყვანილი.

ბრიუსელში საქართველოს შესახებ 17 დეკემბერსაც იმსჯელებენ. ევროკავშირის ზოგადი საკითხების საბჭო განიხილავს გაფართოების ანგარიშის შეჯამებას, სადაც საუბარია საქართველოზე.

საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, უნგრეთის გარდა, „ქართულ ოცნებისთვის“ არ მიულოცავთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და შესაძლო ფალსიფიკაციის გამოძიება მოითხოვეს. გარდა ამისა, ფაქტობრივად შეჩერებულია კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი ტელეფონით ესაუბრა არა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

მეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა