WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უარი განაცხადეს, რომ ნანა სანდერისთვის, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს და 2025 წლიდან პატიმრობაში იმყოფება 7-წლიანი განაჩენით, ლაშა ბუღაძის რომანი, „დამკვირვებელი“ გადაეცათ.

პატიმრისთვის წიგნის შეგზავნას 6 აგვისტოს აქტივისტი გიორგი რომელაშვილი ცდილობდა. როგორც მან თავად ავტორს, ლაშა ბუღაძეს მოგვიანებით შეატყობინა, მოტივი იყო, რომ წიგნი „პოლიტიკურია“ და „მისი შეგზავნა პატიმართან არ შეიძლება“.

პენ-საქართველოს შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციასაც.

„მხატვრული ლიტერატურის ცენზურა, როგორც გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, — აცხადებს „საქართველოს პენცენტრი“, რომელიც 70-ზე მეტ ქართველ მწერალს აერთიანებს და 1991 წლიდან მწერლებისა და ჟურნალისტების ყველაზე ძველი გაერთიანების, PEN International-ის წევრია.

არსებითად არ არსებობს მხატვრული ტექსტი, რომელიც პოლიტიკური არ არის — აგერ „ოდისეაც“ კი… ნუ ვეგუებით რეჟიმის აბსურდულ „კანონებს“, რომ თუნდაც განსაზღვრება „პოლიტიკური“ პრობლემა იყოს ვინმესთვის… ან „პოლიტიკური” ტექსტი რატომ არის პრობლემა (ასეთიც რომ იყოს)? დავუშვათ, არის, რა უფლებით არ აძლევენ დაპატიმრებულ მოქალაქეს რომანს წასაკითხად?! არ უნდა მიეცეს რეჟიმს ტექსტის აკრძალვის ნორმალიზების საშუალება.

„მთავლიტი“ დააბრუნონ ბარემ, რაც ალბათ ძალიან უნდათ ამათ „ქეთევან მიქიაშვილებს“. [მთავლიტი — საბჭოთა კავშირში არსებული ცენზურის მთავარი სახელმწიფო ორგანო (ლიტერატურისა და საგამომცემლო საქმეთა მთავარი სამმართველო), რომელიც 1922 წლიდან აკონტროლებდა და ამოწმებდა გამოსაქვეყნებელ წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს.]

მერე ნუღარ გაგვიკვირდება, რომ „პოლიტიკური“ რომანის წაკითხვას მომავალში წიგნის მაღაზიაში შესულ მკითხველსაც აუკრძალავენ… არც რუსეთში ეგონათ 5 წლის წინ, როცა აკუნინის, ბიკოვის, ულიცკაიას და სხვების ტექსტებს შავ არშიას შემოავლებდნენ ან საერთოდაც მაღაზიებიდან გამოიტანდნენ“, — ამბობს რომანის ავტორი, ლაშა ბუღაძე.

ნეტგაზეთი ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას და მათი პოზიციის მოსმენას, რატომ დაიბლოკა ბუღაძის რომანი ციხეში. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

პენიტენციური კოდექსისა და პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს:

  • აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით.
  • აქვს უფლება საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.
  • ერთდროულად შეუძლია იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას