პროევროპულ აქციებზე დაკავებული, მსჯავრდებული სტუდენტის ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე შვილთან კონსულტაციის საფუძველზე აპირებს სასამართლოში უჩივლოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისი სიტყვებისთვის და მოითხოვოს ბოდიშის მოხდა.
როგორც დღეს 4 ნოემბერს, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ, შალვა პაპუაშვილმა მის შვილს "ტერორისტი" უწოდა, მას შემდეგ რაც მან ევროკავშირის ელჩისადმი მიწერილ წერილზე ევროკავშირის წარმომადგენლობისგან პასუხი მიიღო.
ზურაბ ცეცხლაძის სიტყვებით თავდაპირველად ზვიადმა მისწერა წერილი ევროკავშირის ელჩს, "რითაც მოითხოვდა არ გაეუქმებიდათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ".
"ეს პოზიცია თანხვედრაში იყო რეჟიმის პოზიციასთანაც, რეჟიმი თავად ამბობდა, რომ არ უნდოდათ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და თითქოს, ოპოზიცია მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია წაერთვათ. შემდგომ ევროკავშირის ელჩისგან გამოიგზავნა წერილი ციხეში, სადაც ძალიან კორექტულად, ძალიან დიპლომატიურად, აბსოლუტურად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხდნენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას აცდენილია და ა.შ."
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ამ წერილის გავრცელების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკპოსტში ზვიად ცეცხლაძეს "ტერორისტი უწოდა"
"ვციტირებ - "ევროკავშირის ელჩი იცლის იმისთვის, რომ ციხეში ტერორისტს მისწეროს წერილიო", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ და დაამატა რომ ამ საკითხე ძალიან გააბრაზა.
"რამდენადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება მის სიტყვებს. ადამიანი უაპელაციოდ უწოდებს ტერორისტს ჩემს შვილს, მაშინ, როცა ტერორიზმის მუხლით არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რომელიც ბრალად ჰქონდა წარდგენილი, შეუცვალეს მსუბუქი მუხლით. მე მოვილაპარაკე ზვიადთან, გუშინ შეხვედრა გქვონდა და ვამზადებთ სარჩელს, რათა შევიტანოთ პაპუაშვილის წინააღმდეგ და ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ის ჩემს შვილს, 20 წლის ბიჭს უწოდებს.", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.
შალვა პაპუაშილმა 25 ოქტომბერს ფეისბუკპოსტი გამოქვეყნა, სადაც გაზიარებული იყო ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობა იმის შესახებ, რომ ზვიად ცეცხლაძემ, საპატიმროში შიმშილობა დაიწყო, გზის გადაკეტვის საბაბით, მამამისისთვის ზურაბ ცეცხლაძისთვის შეფარდებული პატიმრობის გამო, ამავე პოსტში პაპუაშვილი აფასებდა ევროკავშირის საელჩოსგან ზვიდ ცეცხლაძისთვის წერილზე გაგზავნილი პასუხსაც.
"იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს "სინდისის პატიმრად" მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა."
ზვიად ცეცხლაძეს მოსამართლე თამარ სახელაშვილმა 2025 წლი 2 სექტემბერს 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. მან ის დამნაშავედ ცნო პროევროპული აქციებისას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა კიდევ 7 დაკავებულს.
არცერთი ბრალდებული გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა.

5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·