რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის მოზარდი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა.
უწყება ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
თავდაპირველად მოზარდს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის ცნობით, გამოძიება ახლა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს – მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. ეს ადვოკატის განმარტებით, ბევრად მსუბუქი მუხლია და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
„პროკურატურასაც ვულოცავ სწორ გადაწყვეტილებას, თუმცა ესეც ნაწილობრივ სწორია, ვინაიდან პროკურატურას შეეძლო სრულად ეღიარებინა ბავშვის უდანაშაულობა. ამ მუხლის შემსუბუქებით მათ 99%-ით აღიარეს წინა ბრალდების აბსურდულობა და 99%-ით აღიარეს ბავშვის უდანაშაულობა“, – თქვა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.
ოჯახის პოზიციაა, რომ არასრულწლოვანი თავს იცავდა.
„ჩემი შვილი თავს იცავდა, იმიტომ მოხდა ეს ფაქტი“, – თქვა დედამ „ტვ პირველთან“.
სასამართლო მოზარდის საქმის განხილვას აგრძელებს.
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, თვეების განმავლობაში მოზარდი და ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, 50 წლამდე კაცმა, 5 ივნისის საღამოს მოზარდი ნაქირავებ ბინაში ჩაკეტა, სექსუალური ძალადობა სცადა და ბიჭი იძულებული გახდა, თავის დასაცავად დანა გამოეყენებინა.
netgazeti