პატრიოტიზმის ბანალურობა

1 week ago 13

ავტორი: ზაზა ბურჭულაძე 

ცოტა ხნით დავივიწყოთ მაღალი მატერიები და უმაღლესი მათემატიკა. ბოროტება ბანალურია, ჩვენც დავსვათ რამდენიმე ბანალური შეკითხვა, რადგან ბოროტება უკვე ისე მოახლოვდა, სადაცაა ჩაგვყლაპავს.

ნურავის მოუსმენ. მოუსმინე საკუთარ თავს. შეიძლება ბანალურად ჟღერს სიტყვა „პატრიოტიზმი“, მაგრამ გახსოვდეს, რომ ბოროტებაც ბანალურია. უჭირს დღეს შენ ქვეყანას. მისი ისტორია შენით არ დაწყებულა, მაგრამ შეიძლება შენით დამთავრდეს. ჩაიხედე საკუთარ თავში, ნუთუ კუჭის მეტს ვერაფერს ხედავ? ცხოვრება იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე არჩევანი ტელევიზორსა და მაცივარს შორის.

ტყუილია იმის თქმა, რომ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. მთავარია, ვართ. არავის ჯინაზე. ჩვენი შვილების გამო.

ცოტა ხნით დავივიწყოთ, რა უნდა კრემლს, ევროკავშირს, თეთრ სახლს. ისიც, თუ რა უნდა ქართულ ოპოზიციას, ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების პატრონს, ქართული ოცნების პატრონის პატრონს. და დავფიქრდეთ, ჩვენ თვითონ რა გვინდა. გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ მშობლებს უღვრიათ სისხლი, ოფლი და ცრემლები? იქნებ მოვიდა დრო, შვილებს გადავცეთ ის, რაც მშობლებისგან გვერგო? კაცობრიობის ისტორია ესტაფეტაა, წარსული მომავალს გადასცემს ჩირაღდანს. იქნებ გგონია, რომ ცდება ყველა, კრემლისა და კრემლის ქართველი ყმების გარდა? ცდებოდნენ შენი წინაპრები? ცდებიან შენი შვილები? ცდება პროგრესული სამყარო?

შეგიძლია გაიხსენო, როდის გაუკეთებია რუსეთს შენთვის კარგი? მაშინ ხომ არა, ილია ჭავჭავაძე რომ მოგიკლა ქართველის ხელით? ან მაშინ, როცა სისხლით გაგასაბჭოვა ქართველის ხელით? ეგებ მაშინ, პირველი პრეზიდენტი რომ ჩამოგიგდო ისევ და ისევ ქართველის ხელით? ვისა აქვს დაპყრობილი შენი ქვეყნის მეხუთედი? ვისი ხელით გიპყრობს ახლა მთლიანად? შენც ხომ იცი, რომ ეს სია გაცილებით გრძელია. კრემლსა და მის ქართველ ყმებზე უფრო ვის უნდა შენი დაუძლურება?

შეშინებული კაცის მართვა იოლია.

„აბა, ომი გინდათ?“ არა, არავის უნდა ომი, მაგრამ მარტო ომს კი არ მოაქვს ნგრევა, არამედ თვითონ შიშს აქვს დამანგრეველი ძალა. შიშს კი ხან ომის იერი აქვს, ხან – მშვიდობისა. ჩვენ გვეშინია ყველაფრის, როცა უძლურები ვართ. კრემლსა და მის ყმებზე მეტად კი ვის უნდა, რომ გვეშინოდეს? გვეშინოდეს არა მარტო ომისა, მშვიდობისაც. საკუთარი თავისაც.

შეიძლება ვერა ვართ ჩვენ ჩვენი წინაპრებივით გულადები და ვერც ჩვენი შვილებივით ლაღები, მაინც ნუ ჩავაბარებთ საკუთარ ქვეყანას იმათ, ვინც ნახირად გვთვლის. თუკი საბოლოოდ არ გამოურეცხავთ შენთვის ტვინი, როგორ დუმხარ? ნახირიც კი დაიღმუვლებს ხოლმე.

სრულად წაკითხვა