WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს - უწყება აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი სრულად სარგებლობს პაემნის უფლებებით, წელიწადში ორჯერ ხანგრძლივით, თვეში ერთხელ კი ხანმოკლე პერიოდით.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ციხის ადმინისტრაციის მიერ უკვე დაშვებული პაემანი გაუუქმეს. უფლებადამცველი ამ ყველაფერს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს უკავშირებს.

ადვოკატი პაემნის აღდგენას ითხოვს და ამბობს, რომ გაუქმებული პაემნების გამო, ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებიან ღარიბაშვილის მცირეწლოვანი შვილები.

6 ნოემბერს ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ".

“უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა - სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” - დაწერა ლექსო თამაზაშვილმა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, უწყების განმარტებით, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა „ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია, ამიტომ „დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა“.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.

  • ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან აღიარა მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალი და 2026 12 იანვარს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
  • საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
  • 24 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.