“პირველად მე ავწიე ევროპის დროშა და მაშინ ბევრი დამცინოდა “რა შუაშია ევროპა და საქართველოო?!” – ახლა ჰკითხეთ ჩვენ ახალგაზრდობას!” – მიხეილ სააკაშვილი

7 months ago 14

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლის დროს, ახალგაზრდდობას მიმართავს:

,,მე მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც დაიტაცა დროშა ბრძოლის. იცით რა – თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები. ჩემი შვილი დგას აქციაზე. მეც ვიდგებოდი მასთან ერთად და აუცილებლად დადგება ეს დროც, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თქვენც გეყოლებათ თქვენი შვილები, მათ ეყოლებათ შვილები, იმათ ეყოლებათ კიდევ შვილები და მინდა გითხრათ, რომ თქვენს შვილთაშვილებს მოუყვებით სიამაყით, რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველა დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა, მაშინ ახალგაზრდებმა, გადაარჩინეს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული. სწორედ იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით გულგრილები.

მინდა გითხრათ, რომ მეც თავის დროზე ვიყავი პირველ მიტინგზე, რომელიც იყო 1988 წელს, ერთ-ერთი პირველი მიტინგი, შემდეგ ვმონაწილეობდი უკრაინაში სტუდენტურ რევოლუციაში, რომელმაც უკრაინას, საბოლოო ჯამში, მოუტანა დამოუკიდებლობა. მე ამით ძალიან ვამაყობ.

მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით. იმიტომ, რომ თქვენ ძალიან მაგრები ხართ! თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ! ბოდიშით, თუ დაგაკელით კიდევ რაღაცა.

მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან, თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა. ელემენტარული რაღაცები, რამაც 90-იან წლებში ბოლო მოუღო საქართველოს – უშუქობა, უწყლობა, სიცივე და უბრალოდ, შიმშილი.

პირველად მე აღვმართე ევროპის დროშა და მაშინ ბევრი დამცინოდა – ,,რა შუაშია ევროპა და საქართველოო?!” ახლა ჰკითხეთ ჩვენ ახალგაზრდობას?!

ის ერთი დროშა, რომელიც მაშინ აღვმართეთ, 2004 წელს ჩემს ინაუგურაციაზე, ახლა გახდა მრავალი ათასი დროშა, რომელიც თქვენს ხელებში ფრიალებს და თქვენს გულშია…”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა