პირველი ლიგა | გადადებული შეხვედრები იმერლებმა მოიგეს

15 hours ago 3

ვირუსულმა გრიპმა და უამინდობამ პირველ ლიგაში მთელი რიგი გადადებული შეხვედრები დააგროვა, რის გამოც ორგანიზატორებს რეგულარული სეზონის დაგრძელება აპრილის მიწურულამდე მოუხდათ. ჯგუფური ეტაპის კალენდარი სრულად დასკვნითი ტურის წინ გასწორდება.

პირველობის ლიდერ ‘გორს’ რეგულარული სეზონის მოგებამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს. შიდა ქართლელებმა 13-ივე ჩატარებული შეხვედრა მოიგეს, 62 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილზე მყოფ ‘წიქარას’ 16 ქულით უსწრებენ. ‘წიქარას’, მდევარი ‘ვეფხვები’ 4 ქულით ჩამორჩება. ‘დინოზავრი’ 39 ქულით მე-4 პოზიციას ინარჩუნებს და მოწინავე კვინტეტში მყოფ ‘რუსთავს’ 5 ქულით უსწრებს.

მართალია, ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ პლეი ოფის ზონაში, 28 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა დაკარგული ქულების გათვალისწინებით „რკინიგზელებს“ ‘მათე’ აღემატება. ზემო იმერლებმა 27 ქულას მოუყარეს თავი და ‘ლოკომოტივზე’ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მონაწილეთა შორის ‘ფოთი’ ერთადერთი გუნდია, რომელმაც 14-ივე შეხვედრის ჩატარება მოახერხა. კოლხები 20 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან და პლეი აუტის ადგილზე, ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ ‘არწივებს’ 7 ქულით აღემატებიან, თუმცა გურულებს ფოთელებზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ კი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში იმყოფება. „მხატვრებმა“ ჯერჯერობით სეზონში მხოლოდ 4 ქულის აღება შეძლეს და ბოლო ადგილისგან თავის დასაღწევად (პირდაპირ გავარდნისგან), დარჩენილ 5 შეხვედრაში ‘არწივებს’ 9-ქულიანი სხვაობა უნდა გაუბათილონ.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა