პირველი ლიგა | გასავარდნ ფინალში რუსთავი და წიქარა ითამაშებენ

18 hours ago 5

პირველი ლიგის პლეი ოფი მესამედ ფინალებით დაიწყო. „აია არენაზე“, წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ (4) ‘რუსთავს’ (5) უმასპინძლა, ‘წიქარა’ (3) - ‘ლოკომოტივის’ (6) დედაქალაქური დერბი კი ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა.

‘დინოზავრი’-‘რუსთავის’ მატჩის დებიუტში მეტოქეებმა გატანილი ჯარიმები გაცვალეს. ქვემო ქართლელთა ვეტერანი ბორჯღალოსანი ფრთის რამაზ ხარაზიშვილის გატანილ ჯარიმას, წყალტუბოელთა მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა საპასუხო ჯარიმა შეაგება. მართალია, ‘დინოზავრი’ მატჩის დიდი ნაწილი ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა რუსთაველთა უკეთესმა თამაშის ორგანიზაციამ ზაზა ჩირგაძის ბიჭებს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცა.

შესვენებამდე, ქვემო ქართლელთა მარბიელი ზვიად ღამბარაშვილის დადებული ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა და შემდგომ რამაზის გატანილი მორიგი ჯარიმით ‘რუსთავმა’ პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო - 13:3. მეორე ტაიმში ‘დინოზავრმა’ ტემპს უმატა, მეტოქეზე წნეხი გააძლიერა და მიჯრით 2 ლელოს გატანაც (ბურჯი ჯაბა ჩეჩელაშვილი და ჰავბეკი ზვიად ორმოცაძე) მოახერხა.

გობეჯიშვილს 1 გარდასახვა მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან გაუცუდდა, თუმცა სწორედ იმერელთა მგეზავის გატანილი ჯარიმით ‘დინოზავრმა’ შეხვედრის მიწურულს ანგარიშში დაწინაურება პირველად შეძლო. ‘რუსთავი’ არ შედრკა და ბოლო წუთზე მოედნის ცენტრალური ნაწილიდან და თან საკმაოდ უხერხული პოზიციიდან ხარაზიშვილმა ჯარიმა უნაკლოდ დაარტყა და წყალტუბოელებს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა. დრამატული მატჩი ‘რუსთავმა’ 16:15 მოიგო და შესარჩევ ფინალში გავიდა.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘წიქარა’-‘ლოკომოტივის’ შეხვედრა არანაკლებ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა. ‘წიქარას’ მგეზავ გიორგი ასათიანის გატანილ 3 ჯარიმას, ‘ლოკომოტივის’ მღლეტელ ლაშა შერგელაშვილის დადებული ლელო მოჰყვა. შუამარბ ონისე ნიკოლაძის ზუსტმა გარდასახვამ და გატანილმა ჯარიმამ „რკინიგზელებს“ პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა - 10:9.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეებმა გატანილი ჯარიმები გაცვალეს. ‘წიქარას’ მღლეტელ ერეკლე მაჭარაშვილის გარდაუსახავი ლელოთი ბექა სხულუხიას შეგირდები 4 ქულით დაწინაურდნენ. ‘ლოკომოტივმა’ ანგარიშში უპირატესობა მარბიელი კაპიტნის რამაზ ბენდელიანის გარდასახული ლელოთი დაიბრუნა. მატჩის დასკვნითმა მონაკვეთმა კი შეხვედრის ნომინალური მასპინძლის იერიშებში ჩაიარა და მარქაფადან ჩართული ჰავბეკის ლუკა ბურდულის გარდასახული ლელოთი ‘წიქარამ’ დრამატულ ბრძოლაში 24:20 იმარჯვა.

მომავალ უქმეებზე ლიგაში გასავარდნი და შესარჩევი ფინალები გაიმართება. გასავარდნ ფინალში უკეთეს-ნომრიანი ‘წიქარა’ დედაქალაქში ‘რუსთავს’ დაუხვდება. მატჩში წარმატებული გუნდი წინასწარ ფინალში ითამაშებს.

შესარჩევ ფინალში კი გორის ჭალის დასახლებაში მდებარე რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘გორი’ მეორე ადგილოსან პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უმასპინძლებს. გამარჯვებული გუნდი დიდ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ხელმოცარული გუნდი კი ლიგის სატიტულო შეხვედრაში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად გასავარდნი ფინალის გამარჯვებულს წინასწარ ფინალში შეერკინება.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა