დღეიდან, პირველი მაისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია.
ბოლო წლების განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს. მხოლოდ გასულ, 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.
არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:
100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;
500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.
ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.
ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე, დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;
ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე, შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ახლებურად განისაზღვრა BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:
BUS LANE-ზე მოძრაობა, არსებულ 100-ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;
საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

3 days ago
1






English (US) ·
Georgian (GE) ·