crocobet დიდი 10-ის 2025/26 წლების სეზონის პირველი ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ „ხვამლი არენაზე“ 14:3 სძლია.
მუხიანში თამაში ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, რამაც გუნდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა. ხშირი იყო შეცდომები და ტექნიკური წუნი. მორაგბეები ხშირად მიმართავდნენ ფეხით თამაშს, მეტოქის შეცდომების იმედად იყვნენ.
შეხვედრა ქუთაისელების შეტევებით დაიწყო და ისინი მე-18 წუთზე მატჩში გატანილი ერთადერთი ლელოთი დაწინაურდნენ. იერიში ზურაბ ძნელაძის გარღვევით დაიწყო, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები და არსენ მაჩალაძემ ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ლაშა მალაღურაძემ მეტოქეს ჯარიმით უპასუხა და გარკვეული დროით ინიციატივას ‘ხვამლი’ დაეუფლა, თუმცა ორი სახიფათო გარღვევა უშედეგოდ დასრულდა, მერე კი მალაღურაძეს ჯარიმა გაუცუდდა - 3:5.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფეხით თამაში გაჩაღდა და მასპინძლების შეცდომის შემდეგ პიტა იავი მაიმ შეუტია, მაგრამ მისმა გადაცემამ არ ივარგა. მერე ხვამლი დაჯარიმდა და გასატანი პოზიციიდან სანდრო ფურცხვანიძის დარტყმული ძელმა აისხლიტა, თუმცა 1 წუთში თითქმის იმავე წერტილში მეორე შანსი მიიღო და ამჯერად ‘არესის’ მგეზავი ზუსტი იყო.
55-ე წუთზე ირაკლი თევზაძის სინბინის შემდეგ ‘არესი’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, თუმცა ამით ‘ხვამლმა’ ვერ ისარგებლა და პირიქით, ფურცხვანიძისგან კიდევ ერთი ჯარიმა მიიღო. მერე ყვითელი ბარათით ‘ხვამლის’ ბურჯი რეზო მახარაძე დაისაჯა, რითაც ‘არესმა’ იხეირა და 71-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ფურცხვანიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:3 ‘არესის’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელთა კვაჭი ზაალ ცქიფურიშვილი გახდა.
crocobet დიდი 10-ის მეორე ტურის თამაშები 12-14 სექტემბერს გაიმართება.
rugby.ge