საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა პროცესის 13 ნოემბრამდე გადადების თაობაზე.
პლენუმმა კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად 13 ოქტომბერს მიიღო, პირველი სხდომა კი 21 ოქტომბერს ჩაინიშნა. რეგლამენტით, მხარეს წერილობითი შესაგებლის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. გახარიას პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ბოლოს დაემატა, აცხადებს, რომ ეს გონივრული ვადა არ მიეცა და პროცესის ერთი თვით (13 ოქტომბრიდან) გადადება მოითხოვა.
შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
პლენუმმა, რევაზ ნადარაიას თავმჯდომარეობით, ითათბირა და ერთხმად გადაწყვიტა, გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე არ დაეკმაყოფილებინა. როგორც ნადარაიამ განმარტა, მხარეს არ აქვს შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტს ამისთვის ერთთვიანი ვადა აქვს. ამასთან, მისი შესაგებლის წარმოუდგენლობა პროცესს არ აფერხებს. ნადარაიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ გახარიას პარტია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციამ 12 შუამდგომლობა დააყენა და მათგან არცერთი დაკმაყოფილებულა.
netgazeti